ახალი ამბები

სამნიძე აცხადებს, რომ უსუფაშვილის ‘შენების მოძრაობა’ ივანიშვილის სატელიტი პარტიაა

23 სექტემბერი, 2017 • 5051
სამნიძე აცხადებს, რომ უსუფაშვილის ‘შენების მოძრაობა’ ივანიშვილის სატელიტი პარტიაა

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელებისგან შექმნილი “შენების მოძრაობა” ფსევდოოპოზიციური, ხელისუფლების სატელიტი პარტიაა, რაც არის პოსტსაბჭოთა და რუსული მართვის სტილი. ეს განცხადებები სამნიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გააკეთა.

“რესპუბლიკური პარტიიდან წასული რესპუბლიკელები, უსუფაშვილის “შენების მოძრაობა” არის ასეთი ფსევდოოპოზიციური პარტია, სატელიტი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ოცნების გარეთ გაიჩინოს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მან ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რომლებიც შეეხება “შენების მოძრაობაში” მოქმედი გამგებლებისა და “ოცნების” აქტივისტების გადასვლას წინასაარჩევნო პერიოდში:

“რამდენიმე მაგალითს გეტყვით: დმანისი, მარნეული, ჩოხატაური, გორი – “შენების მოძრაობის” მიერ კანდიდატების ბოლო წარდგენები ამ მუნიციპალიტეტებში, ამ წარდგენების დრო,ს მასთან “ოცნებიდან” გადავიდნენ მასობრივად თვითმმართველობიდან ადამიანები. მაგალითად, დმანისის გამგებელი იყო “ოცნების” მიერ წარდგენილი წინა წლებში, გორში გადავიდა ნანეტაშვილი, ტელევიზიის დირექტორი. ასეთივე სიტუაციაა ჩოხატაურში. ასეთი სიტუაცია იყო, შეგახსენებთ, 2012 წელს, 2016 წელს – როდის გადადის ხელისუფლებიდან 50 წევრი ოპოზიციაში წინასაარჩევნოდ? როდის ხდება ეს? როდესაც ისინი ხედავენ გარანტიებს, თავშესაფარს, როდესაც ვიცით, რომ სუსი მართავს პროცესებს, როდესაც ვერ დამიდასტურებს ვერავინ, რომ უსუფაშვილის ღირებულებებთან აქვს კავშირი ნანეტაშვილს და რამდენიმე იქაურ აქტივისტს. ეს არის ფსევდოოპოზიციური პარტია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე სხვა ლიდერმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს და რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბეს “შენების” მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი