ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

კობახიძე: კონსენსუსის მიუღწევლობაში მხარეების წვლილზე ვენეციის კომისია არაფერს ამბობს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უაღრესად დადებითია. ირაკლი კობახიძის თქმით, კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე, ხოლო მმართველი გუნდი ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს.  რაც შეეხება მხარეების წვლილს კონსენსუსის მიუღწევლობაში, როგორც კობახიძე აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს.

მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ვენეციის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული ფართო კონსენსუსი, მაგრამ დოკუმენტში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი.

“აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, აქ საუბარია უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსენსუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამ შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს – ვთხოვეთ იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს, რითაც გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუმცა, რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს,” – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოღებას.

“მე პირადად ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. ვიყავი და ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის აქტიური მხარდამჭერი. თუმცა ეს გახდა შეუძლებელი და ამაშიც ნეგატიური როლი შეასრულა ოპოზიციამ. ვენეციიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა. თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს და ამან შეუძლებელი გახადა 2020 წლისთვის საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი იყო მუდმივი კომპრომისის ძიების რეჟიმში და სწორედ ამ რეჟიმში მიიღეს გადაწყვეტილება ბლოკების შენარჩუნების თაობაზე:

“ჩვენ მუდმივად ვიყავით დიალოგისა და კონსენსუსის ძიების რეჟიმში. კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, ჩემი აზრიც არის და მმართველი გუნდის უმრავლესობა ამას იზიარებს – არ არის მიზანშეწონილი ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნება. დღევანდელ პრაქტიკასაც შეგვიძლია გადავხედოთ. დღეს დარეგისტრირდა სულ რამდენიმე ბლოკი, რომელთაგან ყველა, პრაქტიკულად ფიქტიურია. არის ერთი ბლოკი შექმნილი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც აერთიანებს ორ ერთკაციან პარტიას, და არის მეორე საარჩევნო ბლოკი, რომელიც აერთიანებს კიდევ ერთ პარტიას, რომელიც ორი თვის წინ არის დაფუძნებული და რომლის სახელიც კი არავინ იცის. და სამი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რომლის ოდენობა გასცდება მილიონ ლარს. ე.ი. გადამხდელების გადამხდელები გადაიხდიან მილიონ ლარზე მეტს ყოველწლიურად, ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. ეს არის სიმახინჯე. ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იყო ამის გაუქმება უკვე შემდეგი არჩევნებისთვის. თუმცა ვიყავით მუდმივი კომპრომისის ძიების რეჟიმში და სწორედ ამ რეჟიმში იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბლოკების შენარჩუნების თაობაზე.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება.

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა დღეს, 22 სექტემბერს, გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან სამწუხარო ფაქტია. დასკვნაში ასევე შეფასებულია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.