ახალი ამბები

კონსტიტუციური კანონის პროექტს მესამე მოსმენით მომავალ კვირას განვიხილავთ – კობახიძე

22 სექტემბერი, 2017 • 2076
კონსტიტუციური კანონის პროექტს მესამე მოსმენით მომავალ კვირას განვიხილავთ – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით გამართა.

„თარიღი დაზუსტდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შედგება მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კენჭი ეყრება მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ითქვა გუშინ: ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა შეუძლებელია არასარედაქციო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ვალდებულება, რომ ინიციატივის წესით შემოვიტანოთ ახალი პროექტი, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და მომდევნო არჩევნებისთვის ერთჯერადად შენარჩუნდება ბლოკები 3%-იანი ბარიერის პირობებში. შესაბამისი კანონპროექტი შევა პარლამენტში და ეს იქნება მიღებული შესაბამის ვადებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უაღრესად დადებითია. ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუმცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს.

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა დღეს, 22 სექტემბერს, გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან სამწუხარო ფაქტია. დასკვნაში ასევე შეფასებულია პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი