ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბანკის ჯგუფი 25 წელიწადში საქართველოს $4.3 მილიარდით დაეხმარა

15 სექტემბერი, 2017 • 5143
მსოფლიო ბანკის ჯგუფი 25 წელიწადში საქართველოს $4.3 მილიარდით დაეხმარა

1993 წლიდან 2016 წლის ჩათვლით,  საქართველოს  მსოფლიო ბანკის ჯგუფი 4.3 მილიარდი დოლარით დაეხმარა. ამის შესახებ დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ფორუმზე გახდა ცნობილი.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას  აერთიანებს: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD); განვითარების საერთასორისო ასოციაციას (IDA); საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC).

“დღეს საქართველო დაბალი შემოსავლის ქვეყნიდან საშუალო შემოსავლის ქვეყნად გადაიქცა. ჩვენ დავეხმარეთ  თქვენს ქვეყანას, გადაქცეულიყო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად, ”-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა აზიასა და ცენტრალურ ევროპაში სირილ მულერმა განაცხადა.

სირილ მულერმა იმ ფინანსურ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც მსოფლიო ბანკმა საქართველოში განახორციელა. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ბანკის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. მსოფლიო ბანკი დაეხმარა საქართველოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის თავშესაფრების მშენებლობაში.

საუბრის დასასრულს სირილ მულერმა  ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, შექმნან ისეთი მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც გარკვეულ შოკებს გაუძლებს.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმზე ბიზნესსახლის მშენებლობის იდეის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესსახლი, იუსტიციის სახლისგან განსხვავებით,  მხოლოდ იურიდიულ პირებს მოემსახურება.

“ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ, რადგან ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა. სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას,”-განაცხადა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს გამართული ფორუმი საქართველოს და მსოფლიო ბანკის 25-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი