ეკონომიკა

2022 წელს საქართველოში ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა – მსოფლიო ბანკი 

11 იანვარი, 2023 • 9314
2022 წელს საქართველოში ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა – მსოფლიო ბანკი 

მსოფლიო ბანკის ახალი  ანგარიშის  “გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები” თანახმად,  საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. 

“COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას, რაც 2022 წლის ბოლო შეფასებით, 10 პროცენტს შეადგენს”, – წერს მსოფლიო ბანკი. 

ანგარიშის თანახმად,  2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 10-დან  4 პროცენტამდე და “ძირითადად ასახავს 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეულ საბაზისო ეფექტს, ისევე როგორც ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებას (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას. საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5 პროცენტის ფარგლებში”. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად,  საქართველოში ინფლაციის წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად (დეკემბერში წლიური 9.8 პროცენტის დონეზე). 

“მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად. ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილულ იქნეს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო.

საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა  იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად”, – აღნიშნულია ანგარიშში. 

მსოფლიო ბანკის ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. 

ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული  პრობლემების ფონზე.  პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7 პროცენტი, ხოლო 2024 წელს 2.7 პროცენტი იქნება. 

“ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95 პროცენტს და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70 პროცენტს მოიცავს”, – აცხადებს მსოფლიო ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი