ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.8%-მდე გაზარდა

5 ოქტომბერი, 2022 • 1378
მსოფლიო ბანკმა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.8%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5%-ის ნაცვლად 8.8%-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნისა და ფულადი გადარიცხვების მატებით, ასევე, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.

ანგარიშში დაკონკრეტებულია, რომ საქართველომ „სარგებელი მიიღო რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოჭარბებული რაოდენობითა და ტურიზმის აღდგენით“.

ფულადი გზავნილების სტატისტიკა. ნარინჯისფრად აღნიშნულია გზავნილები რუსეთიდან. 2022 წლის მეორე კვარტალში მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

„ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე“, – აცხადებს მოლინიუსი და დასძენს, – „რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, თუ ინფლაცია გაიზრდება. რა თქმა უნდა, მთავრობას ვურჩევთ, შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი“.

ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ინფლაცია, რამაც ივნისში პიკურ მაჩვენებელს მიაღწია, აგვისტოში 10.9%-მდე შემცირდა, წლის ბოლომდე ორნიშნა რიცხვები შენარჩუნდება, მომდევნო წლიდან კი დაიკლებს, ნავთობის ფასების შემცირების ფონზე.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას: მსოფლიო ბანკის თანახმად, ხანგრძლივმა ინფლაციამ, გლობალური ფინანსური გარემოებების გამკაცრებასთან ერთად, შესაძლოა, [უარყოფითი] გავლენა მოახდინოს ლარზე, რაც პოტენციურად იმოქმედებს მაკროფინანსურ სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო.

„რუსეთის ეკონომიკამაც შესაძლოა განიცადოს უფრო მკვეთრი ვარდნა მომავალ წელს, გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად, რაც უარყოფითად იმოქმედებს [საქართველოში] ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე“, – წერია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის თანახმადვე, „შიდაპოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება გაზარდოს არასტაბილურობა და გავლენა მოახდინოს ბიზნესის ნდობაზე, ასევე, დაგეგმილი რეფორმების ტემპზე“.

მეორე მხრივ, მსოფლიო ბანკის ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ „ფულადი გზავნილების შემოდინება შეიძლება გაგრძელდეს იმაზე მეტხანს, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი და საქართველომ შეიძლება იხეიროს … სატრანსპორტო დერეფნების გადაწყობით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი