ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5.9%-ით გაიზრდება

6 ოქტომბერი, 2023 • 9197
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5.9%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის  5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2022 წელს სომხეთი და საქართველო, ზედიზედ უკვე მეორედ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ.

შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველომ  სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა:

„2023 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა, მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა. ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა“ ,— ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ლიდერობენ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში დეფლაციის თვალსაზრისით. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტის ფასების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა ადგილობრივი ვალუტის გამყარება, ინფლაციის დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ სამომავლო პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ნეგატიურმა რისკმა, მათ შორის, რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელებამ, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტებამ, რეექსპორტის შემდგომმა შეზღუდვამ და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივმა გამკაცრებამ.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნების პროგნოზებს, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, 3.5% იქნება წელს 29.1%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც 2022 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა, ძირითადად სტაბილური ელექტრომომარაგების, გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების, დონორთა მიმდინარე დახმარების, უკეთესი მოსავლისა და ქვეყნის დასავლეთ საზღვრებიდან ზოგიერთი საქონლის ექსპორტის მიმართულების შეცვლის ხარჯზე.

თურქეთში კი წელს მოსალოდნელია 4.2%-იანი ზრდა, რაც ასახავს პოლიტიკის თვალსაზრისით შემცირებულ გაურკვევლობას და მდგრად სამომხმარებლო მოთხოვნას. თუმცა მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ზრდა 2024-2025 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 3.5%-მდე შენელდება, რადგანაც ადგილობრივი მოთხოვნა იკლებს მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ეტაპობრივი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე.

რუსეთში კი  2023 წელს მსოფლიო ბანკი 1.6%-იან ზრდას პროგნოზირებს, რომელიც 2024 წელს 1.3%-მდე, ხოლო 2025 წელს 0.9%-მდე შესუსტდება საწარმოო სიმძლავრეების შეზღუდვისა და სამომხმარებლო მოთხოვნის კლების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი