kj

“პრიორიტეტი მივანიჭოთ ადამიანს და არა მანქანას” – ელისაშვილის სატრანსპორტო პოლიტიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმა წარუდგინა. შეხვედრა მოსახლეობასთან 14 სექტემბერს ახმეტელის მეტროსადგურთან გაიმართა – სატრანსპორტო ქსელის ამოსასვლელთან, რომელიც, როგორც თავად კანდიდატი ამბობს, ამჟამინდელზე გაცილებით მეტად უნდა დაიტვირთოს.

ელისაშვილის თქმით, ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ძირეულადაა შესაცვლელი. მეტროს ქსელის გაფართოება, ტრამვაის შემოყვანა და ავტომობილების რაოდენობის შემცირება ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც მერობის კანდიდატმა გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მეტროპოლიტენის ვაგონთა შემადგენლობების რაოდენობის გაზრდა და არსებულის რეაბილიტაცია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიას შესაძლებლობას მისცემს, 70%-ით მეტ მგზავრს მოემსახუროს;  ეს კი ქალაქში ყოველდღიურად მოძრავი მანქანების რაოდენობას 60 000-ით შემაცირებს. ხოლო ქალაქში, მეტწილად მოწყვეტილ უბნებში, ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრის უმთავრეს გზად ტრამვაის ხაზის, როგორც მეტროს იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივის, აღდგენას ასახელებს. როგორც თავად ამბობს, პერსპექტივა გრძელვადიანია, თუმცა კანდიდატის პროგრამის ნაწილი სამარშრუტო ტაქსების ავტობუსებით  თანმიმდევრული ჩანაცვლებაცაა:

„ის მიდგომა, რომ ახალი გზები, ესტაკადები მოაგვარებს პარკინგის სისტემას, არის ტყუილი. ევროპამ დიდი ხნის წინ გაიარა ეს გზა და დამოკიდებულებებიც შეცვალა. პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ ადამიანს და არა მანქანას. სულ სხვაგვარად უნდა აეწყოს თბილისის სატრანსპორტო სისტემა. მეტროპოლიტენზე უნდა დაშენდეს ავტობუსების ქსელიც, სამარშრუტო ტქსების ქსელიც და ა.შ. ისინი უნდა იყვნენ არა კონკურენტები, არამედ ურთიერთშემავსებლები. აუცილებელი კომპონენტია ტრამვაის შემოყვანაც, რადგან მეტროს ხაზის დასრულება, რომელიც საბჭოთა დროს დაიწყო, შეუძლებელია ფინანსური საჭიროებების გამო“.

კონტრაქტის შეწყვეტა „სითი პარკთან“ და ხელშეკრულების გადახედვა „თბილისის მიკროავტობუსთან“ მერობის კანდიდატის სატრანსპორტო პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, შეთანხმება ამ უკანასკნელთან „ქალაქის, მგზავრებისა და მძღოლების სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს“.

ალეკო ელისაშვილი თემატურ შეხვედრებს ამომრჩეველთან მომდევნო კვირებშიც გამართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან