ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს

21 მაისი, 2013 • • 991
ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს

“ამოღებულია ქალბატონი თაკოს დედის თანხა, ეს არის 54 ათასი ევრო, რომელიც მისი ბინის გაყიდვის შედეგად არის და მივაწვდით ჩვენ პროკურატურას შესაბამის დოკუმენტებს, რომ მან გაყიდა ბინა 180 ათასი დოლარად და ეს არის იმის ნაწილი. ამოღებულია ასევე ბატონი ივანე მერაბიშვილის და თაკო სალაყაიას კუთვნილი თანხა 33 ათასი დოლარი და 29 ათასი ლარი, რაც მათი დანაზოგი იყო”, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ, რომელიც ბინის ჩხრეკას ესწრებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში იმ ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს, სადაც ვანო მერაბიშვილი საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელ კორპუსში შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ, თუმცა ბინაში შევიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები- მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და ზურაბ მელიქიშვილი. რამდენიმე წუთში მათ დატოვეს შენობა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ბინის ჩხრეკას ესწრებიან ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, მან არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბინაში გარკვეული რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს.


პროკურატურამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენა. ამ დროისთვის ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია. ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლანგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 -დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი