"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის ოფისის წინ სიტყვით გამოდის. 12.09.2017. სქრინი: ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისისკენ მაშხალა ისროლეს

” ქართველთა მარშის” მონაწილეებმა, რომლებიც თბილისში   ფონდ  “ღია საზოგადოება – საქართველოს”  აკრძალვას ითხოვენ, ფონდის შენობასთან მისვლა ვერ შეძლეს პოლიციის კორდონის გამო. მათ მაშხალები აანთეს, ერთ-ერთმა მონაწილემ მაშხალა  ფონდის ოფისისკენ ისროლა.

აქციის მონაწილეებმა ფონდის ოფისთან მიახლოება ვერ შეძლეს.

მონაწილეებს თან აქვთ ტრასპარანტები  წარწერით “კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე – სოროსის მონები”. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები ქართული ოცნების დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო უპირისპირდებიან.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში. თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია ამ საკითხთან ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი.

2017 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ.

თუმცა ახლა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით მორატორიუმი აღარ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე.  კომერციულ ბანკებს ექნებათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ შესაბამის უფლებამოსილ პირზე.


 

სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა, რომლის შენობის წინაც დღეს აქცია იმართება,  2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის.

ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისა  ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა,  დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ.

ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელისწევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი  ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი