ახალი ამბები

მინისტრი: კანონში ცვლილებები აუცილებელია, რათა ბანკებმა სასოფლო მიწები გირაოში აიღონ

7 სექტემბერი, 2017 • 2380
მინისტრი: კანონში ცვლილებები აუცილებელია, რათა ბანკებმა სასოფლო მიწები გირაოში აიღონ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობის პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით იყოს ქმედითი.

„საუბარია იმაზე, რომ ბანკებს, კომერციულ ბანკებს დროებით მფლობელობაში ჰქონდეთ საშუალება მიწის საკუთრებაში ქონის. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის გირაოში აღება და თავიანთი ფუნქციების სრულყოფილად შესრულება. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ქართული ინსტიტუციები, თუმცა ყველა კომერციული ბანკის სტრუქტურა არის საერთაშორისო. თუმცა ეს არის ქართული ინსტიტუციები და საუბარია იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა, რის შემდეგაც მათ ისევე, როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ ვალდებულება, რომ მიწა გასხვისდეს საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს არის დაზუსტება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა,“ – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიასა და ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეხება კანონპროექტებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„აქ საუბარი არაა დიდ ინვესტიციებზე. ესაა ზოგადი მოცემულობა, რასაც, რა თქმა უნდა, დასჭირდება დამატებით დაზუსტებები. საუბარი იქნება იმაზე, რომ ჩვენ გვექნება ზუსტი კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ხდება ეს. ყველაფერი უნდა იყოს ტრანსპარანტული და არ იყოს ინდივიდუალური მსჯელობის დიდი სივრცე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა   უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი