ახალი ამბები

სააკაშვილი: შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია

10 სექტემბერი, 2017 • 2129
სააკაშვილი: შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება და რამდენიმე საათში აპირებს, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი საქართველოსვის გადაცემის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

“პოროშენკო თვლის რატომღაც, რომ მე თუ უკრაინაში შევედი, ის დაემხობა, ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემზე ალბათ, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია. მე არავითარი გეგმა არ მაქვს, არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა, ექსცესების გარეშე, მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, ქალაქში, რომ ჩავაღწიო, რამდენი მოვა?!”,- ამბობს სააკაშვილის “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილის თქმითვე, გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადაცემის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღოს. სააკაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობა რომ პოროშენკოს ჰქონოდა, მაშინ ჩამოართმევდა მოქალაქეობას, როდესაც უკრაინაში იმყოფებოდა და არა იმ დროს, როდესაც აშშ-ში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ ყველანაირი სცენარისთვის მზადაა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევი შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია”იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ემუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თბილისის დროით 15:00 საათზე გეგმავს ჩასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი