ახალი ამბები

საია გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეთა შეფასების დროებით წესს აფასებს

8 სექტემბერი, 2017 • 2461
საია გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეთა შეფასების დროებით წესს აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საია” ეხმაურება დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.

საია მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა  წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე.

“დაჩქარებულ რეჟიმში, ყოველგვარი საგნობრივი მსჯელობისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების პირობებში, ადამიანური და მატერიალური საჭიროების კონკრეტული მონაცემების შესწავლის და ანალიზის გარეშე დაგეგმილმი  პროცესები აჩენს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს”,- აცხადებს საია.

საია ყურადღებას ამახვილებს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესზე, რომლის მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან და შეფასდებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგები  კი გათვალისწინებული იქნება არჩევნების შემდგომ დაგეგმილი მობილობისას. დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის  ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

“მიგვაჩნია, რომ შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება და შეფასების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და აჩენს სუბიექტური გადაწვეტილების მიღების რისკს, რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას მნიშვნელოვნად შეაფერხებს”,- აცხადებს საია.

საიას თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მობილობის განხორციელებისათვის არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას, მიუხედავად მისი შეფასების შედეგებისა.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეფასების სპეციალური დროებითი წესის დადგენა მობილობის წარმართვის წინაპირობის სახით არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეფასება სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემაში, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან და შეფასების მინიმალური სტანდარტის მიხედვით: საჯარო მოხელისათვის წლის დასაწყისში ცნობილი უნდა იყოს შეფასების თაობაზე, შეფასების კრიტერიუმები და წესი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არის დაცული. აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან ისინი დამატებით გაივლიან შეფასებას.”,- ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიიჩნევს, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს:

  • საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მობილობის ზოგადი წესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით და საჯარო მოხელეების შერჩევა მოხდეს კონკრეტული ფუნქციებისა და სამუშაო აღწერილობების გათვალისწინებით;
  • საჯარო დაწესებულებამ მოხელეთა შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოს ობიექტური კრიტერიუმები, როგორიცაა განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი