ახალი ამბები

მელია — თბილისის მერობის, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

23 ივლისი, 2021 • 2421
მელია — თბილისის მერობის, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია კი- საკრებულოს თავმჯდომაროებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ენმ, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა” შეთანხმდნენ. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, “გირჩი — მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.

“თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზია რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ. დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა: მე თბილისს ვემსახურები, თბილისს, რომელიც პოლიტიკაზე მეტია. დიახაც, ჩემთვის თბილისი პოლიტიკაზე გაცილებით მეტია”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტატობის კანდიდატებს არ დააყენებს, რათა ხელი შეუწყოს ოპოზიციურ ერთობას და მომავალში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.

“ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის მოთხოვნების უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს, ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მას სწამს, რომ ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს ისტორიაში პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება.

ელენე ხოშტარიას თქმით, მიუხედავად მისი პარტიული ინტერესისა, დიდი სიხარულით შეუწყობს ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება საკრებულოში აისახოს.

“დგება მომენტები, როდესაც უნდა დადგე ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ანახო ძალა იმ ჯგუფს, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს. ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს; ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა; ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა. დღეს არის ცვლილებების დრო”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში,ხმების 27%-ით, მეორე ტურში დამარცხდა.

რა სურს კალაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი