2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტატობის კანდიდატებს არ დააყენებს.
ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა და მიზეზად ოპოზიციური ერთობისთვის ხელის შეწყობა დაასახელა.
“დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური, ურთიერთკონტროლზე და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული. დადგა დრო, ერთიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გადაწყვეტილებებით და საქმით დავამტკიცოთ. თანამშრომლობა, ერთიანობა, საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე განსხვავებულთა ერთსულოვნება არის საქართველოს მომავალი, რომელსაც აქ და ახლა ვიწყებთ. სწორედ ამიტომ, მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს საერთო, მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს”, — განაცხადა ნიკა მელიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ენმ, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია შეთანხმდნენ. მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.