მარკირების პროცესი. არჩევნები 2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საია: პარტიული პირებით პროფესიული კვოტის შევსება ცესკოს მიმართ უნდობლობას იწვევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საუბნო საარჩევო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევებსა და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვებს ეხება.

საიას განცხადებით, ორგანიზაცია ყურადღებით სწავლობს როგორც მედიაში ამ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციას (და ამ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების კანონიერებას), ასევე დააკვირდება თავად კონკურსების პროცესს და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის სრულყოფილ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი იმართება. საუბნო კომისიები, კანონმდებლობის მიხედვით, კომპლექტდებიან როგორც პარტიული, ასევე პროფესიული წევრებით (7 პარტიული და 6 პროფესიული წევრი). როგორც საიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული წევრების კვოტით კომისიის შემადგენლობაში რეალურად იყვნენ წარმოდგენილნი დამოუკიდებელი, კომპეტენტური კადრები და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ან მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პროფესიული კადრების კვოტის პოლიტიკურად არანეიტრალური პირებით შევსება საფრთხეს უქმნის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობას. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი პრაქტიკა, რაც არაერთ წინა არჩევნებზე იქნა დაფიქსირებული, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს და სულისკვეთებას და აუცილებლად უნდა იქნეს აღმოფხვრილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.