ახალი ამბები

რკინიგზა ქუთაისის აეროპორტთან დასაკავშირებელი გზისთვის 4.1 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

29 აგვისტო, 2017 • 2370
რკინიგზა ქუთაისის აეროპორტთან დასაკავშირებელი გზისთვის 4.1 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

24 აგვისტოს საქართველოს რკინიგზამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დასაკავშირებელი გზისთვის აუქციონის გარეშე 4 088 633 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT) გამოაცხადა, რომელიც მთლიანი ან ნაწილობრივი და სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული.

გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მიწის ვაკისის, შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების, მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობის სამუშაოები უნდა განახორციელოს.

ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისა და სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადაა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი.

სარკინიგზო მაგისტრალის ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირების პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის აპრილში ისაუბრა. სს “საქართველოს რკინიგზის” პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი