ახალი ამბები

ადა მარშანია რუსეთზე: 2008 წელს ბორჯომში თუ ჩამოყარეს ჭურვები, ახლა ხომ უნდათ ჩაქრობა

23 აგვისტო, 2017 • 5368
ადა მარშანია რუსეთზე: 2008 წელს ბორჯომში თუ ჩამოყარეს ჭურვები, ახლა ხომ უნდათ ჩაქრობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა პატრიოტთა ალიანსიდან ადა მარშანიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეღო რუსეთის დახმარება ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა მეზობელ სახელწიფებს დასახმარებლად, რის შედეგადაც აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი საქართველოს დაეხმარა, თუმცა რუსეთიდან დახმარების მიღება აღარ გახდა საჭირო.

“რუსი ტურისტები ხომ გვჭირდება, ხომ გვიხარია, ხომ გვინდა, ხომ შემოდიან ათეული ათასობით. მაშინ რატომ არ გვახსოვს ჩვენი ღირსება და ჩვენი პატრიოტიზმი?! თუ რაშია საქმე, ალაგ-ალაგ გვახსოვს? მეორეც, ეგება და ამ ხანძრის ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარდებოდა მაინც ამხელა, უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც არის ოკუპანტი. მაგრამ რა ვქნათ, ხომ ხედავთ, ჩვენი ძალებით გვიჭირს ამ მასშტაბის კატასტროფებთან გამკლავება”, – ამბობს ადა მარშანია.

2008 წლის ომის დროს  ტყის იმ მასივში, სადაც 20 აგვისტოს გაჩნდა ხანძარი, რუსეთის ავიაციამ ჭურვები ჩამოყარა, რის შედეგადაც ტყის მასივი დაიწვა. ეს ფაქტი პარლამენტარმა ეჭვქვეშ დააყენა.

“მართლა ასეა დადგენილი ეს? თუ მათ ჩამოყარეს და მათ დაწვეს, ახლა ხომ უნდათ დახმარება და ჩაქრობა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ ჩამოეყარათ და კი არ დაეწვათ, არამედ ჩაექროთ”, – განაცხადა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან.

პარტიორტთა ალიანსის წევრები, მათ შორის ადა მარშანია, რუსეთში, კრემლში 2017 წლის ივლისში იყვნენ. პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია რუსეთთან კონტაქტი და სისტემატურად ივლიან რუსეთში.


უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი