ახალი ამბები

პრემიერი: რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ არ გახდა საჭირო

22 აგვისტო, 2017 • 3809
პრემიერი: რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ არ გახდა საჭირო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა სომხეთიც დაეხმარება. მისი თქმით, დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთმაც, მაგრამ საქართველო არსებული ძალებით შეძლებს სტიქიასთან გამკლავებას.

“რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ყველა ვარიანტი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ, ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ამ ძალებით ამას ყველაფერს აუვალთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის,” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა არ უპასუხა კითხვას, შტაბმა მიმართა დახმარებისთვის რუსეთს, თუ მათ დამოუკიდებლად გამოთქვეს სურვილი. მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დახმარებისათვის ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს მიმართა. არც მას დაუკონკრეტებია, ეხებოდა თუ არა მიმართვა რუსეთს.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

ასევე, მათი ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეცტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან.

სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი. მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. შტაბის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია.

ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, ადგილზეა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. მათი ინფორმაციით, ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი