ახალი ამბებიფოტო

შტატგარეშე – იუსტიციის სამინისტროს იაფი მუშახელი

20 აგვისტო, 2017 • 7301
შტატგარეშე – იუსტიციის სამინისტროს იაფი მუშახელი

იუსტიციის სამინისტროში, სადაც მაღალი თანამდებობის პირს შეუძლია პრემია თვეში 10 ათასი ლარი აიღოს ან ხელფასი სამმაგი ოდენობით, ასობით ადამიანი შტატგარეშედ მუშაობს. ამ ადამიანებისთვის წლების განმავლობაში არაფერი იცვლება. ისინი იმავე საქმეს აკეთებენ, რასაც საშტატო ნუსხით დასაქმებულები, მაგრამ არც პრემიებს იღებენ, არც დანამატებს. მათი საშუალო ანაზღაურება თვეში 689 ლარია. საშტატო ნუსხით დასაქმებულების კი, საშუალოდ – 1456.

შტატგარეშეებს არც ღიად საუბარი სურთ, რადგან მათი გათავისუფლება მარტივად და ნებისმიერ დროს შეუძლია დამსაქმებელს.

თათია ერთ-ერთი მათგანია, ვინც „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ წლების წინ დასაქმდა, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი და კვლავაც შტატგარეშედ მუშაობს იმის მიუხედავად, რომ ამ სააგენტოს 84 ვაკანსია აქვს. „სერვისების განვითარების სააგენტო“ იუსტიციის სამინისტროში ყველაზე შემოსავლიანი უწყებაა, რადგან მომსახურების თითოეული სერვისი ფასიანია, მომხმარებელი კი – ბევრი. უფასოდ ჩვენთან მხოლოდ დაბადების ან გარდაცვალების მოწმობის აღებაა შესაძლებელიო, გვეუბნება თათია.

გასულ წელს სააგენტოს შემოსავლებმა 46 მილიონს გადააჭარბა.

„სამსახურში ჩვეულებრივ დილის 9 საათზე მივდივარ. საქმე ძალიან ბევრია, – ამბობს თათია, – ხანდახან შაბათ-კვირასაც გვიწევს მუშაობა. აი, როცა სპეციალური აქციებია. კი, ბევრი უშტატო ვართ… ახლებიც მოდიან, რადგან სამსახურის პოვნა რთულია“.

2016 წელს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საშტატო ნუსხით 588 ადამიანი მუშაობდა, შტატგარეშედ – 778. ანუ მთლიანად დასაქმებულთა 57 პროცენტი შტატგარეშე თანამშრომელია. კანონით დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ამ სააგენტოში შტატგარეშედ მაქსიმუმ 14 ადამიანი უნდა მუშაობდეს და არა 778, რადგან კანონი „ბიუჯეტის შესახებ“ საჯარო დაწესებულებას შტატგარეშე თანამშრომლებზე ორპროცენტიან შეზღუდვას უწესებს, თუმცა უფრო მეტის აყვანა უწყებას დასაბუთების და მთავრობისგან ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლია.

იუსტიციის სახლი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

იუსტიციის სამინისტროში, სადაც მაღალი თანამდებობის პირს შეუძლია პრემია თვეში 10 ათასი ლარი აიღოს ან ხელფასი სამმაგი ოდენობით, ასობით ადამიანი შტატგარეშედ მუშაობს. ამ ადამიანებისთვის წლების განმავლობაში არაფერი იცვლება. ისინი იმავე საქმეს აკეთებენ, რასაც საშტატო ნუსხით დასაქმებულები, მაგრამ არც პრემიებს იღებენ, არც დანამატებს. მათი საშუალო ანაზღაურება თვეში 689 ლარია. საშტატო ნუსხით დასაქმებულების კი, საშუალოდ – 1456. შტატგარეშეებს არც ღიად საუბარი სურთ, რადგან მათი გათავისუფლება მარტივად და ნებისმიერ დროს შეუძლია დამსაქმებელს.

თათია (სახელი პირობითია) რამდენიმე წლის წინ დასაქმდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი. წლების შემდეგ ისევ შტატგარეშედ მუშაობს იმის მიუხედავად, რომ ამ სააგენტოს 84 ვაკანსია აქვს. „სერვისების განვითარების სააგენტო“ იუსტიციის სამინისტროში ყველაზე შემოსავლიანი უწყებაა, რადგან მომსახურების თითოეული სერვისი ფასიანი და მომხმარებელი – ბევრი. უფასოდ ჩვენთან მხოლოდ დაბადების ან გარდაცვალების მოწმობის აღებაა შესაძლებელიო, გვეუბნება თათია. გასულ წელს სააგენტოს შემოსავლებმა 46 მილიონს გადააჭარბა.
„სამსახურში ჩვეულებრივ დილის 9 საათზე მივდივარ. საქმე ძალიან ბევრია, – ამბობს თათია, – ხანდახან შაბათ-კვირასაც გვიწევს მუშაობა. აი, როცა სპეციალური აქციებია, მაგალითად, პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადება წინასაარჩევნოდ. კი, ბევრი უშტატო ვართ… ახლებიც მოდიან, რადგან სამსახურის პოვნა რთულია“.

2016 წელს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საშტატო ნუსხით 588 ადამიანი მუშაობდა, შტატგარეშედ – 778. ანუ მთლიანად დასაქმებულთა 57 პროცენტი შტატგარეშე თანამშრომელია. კანონით დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ამ სააგენტოში შტატგარეშედ მაქსიმუმ 14 ადამიანი უნდა მუშაობდეს და არა 778, რადგან კანონი „ბიუჯეტის შესახებ“ საჯარო დაწესებულებას შტატგარეშე თანამშრომლებზე ორპროცენტიან შეზღუდვას უწესებს, თუმცა უფრო მეტის აყვანა უწყებას დასაბუთების და მთავრობისგან ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლია.

[highlight color=”green”]რატომ არის საჭირო დასაშვებზე 764-ით მეტი შტატგარეშე თანამშრომელი

„სახელმწიფო სერვისების სააგენტოში“ მხოლოდ წერილობით უპასუხეს რამდენიმე შეკითხვას და გასაუბრებაზე უარი გვითხრეს. მოგვწერეს, რომ სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლების დასაშვებზე მეტის დასაქმების უფლების ნებართვა მთავრობისგან აქვს. კითხვაზე, რით ასაბუთებთ 778 შტატგარეშე თანამშრომლის აუცილებლობას? გვიპასუხეს, რომ „შტატგარეშე თანამშრომლების სიმრავლე ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სააგენტოს ფარგლებში არსებულ სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტთან“.

სააგენტოს ხელმძღვანელობასთან „ბათუმელებს“ ჰქონდა შეკითხვა, რატომ არ აჰყავთ შტატგარეშე თანამშრომლები შტატში, თუკი უწყებაში ამის საჭიროება მუდმივად არსებობს?

2015 წელს იგივე „სერვისების განვითარების სააგენტოში“ შტატგარეშედ დასაქმებული იყო 699, შტატში – 610, ანუ საერთო დასაქმებულების 53%-ს შტატგარეშე თანამშრომლები შეადგენდნენ.

2016 წელს სააგენტოს დამოუკიდებელმა შემოსავლებმა ზუსტად 46 მილიონ 416 140 ლარი შეადგინა. სააგენტომ ამ შემოსავლებიდან გაისტუმრა შტატგარეშე თანამშრომლების საშუალო ხელფასი, თითოეულ თანამშრომელზე – 689 ლარი თვეში და ჩინოვნიკების მაღალი ხელფასები, პრემიები, დანამატები, მივლინებები. შტატში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისთვის გასულ წელს ამ უწყებამ 10 მილიონ 278 ათასი ლარი დახარჯა. შტატში დასაქმებულებთან შედარებით, 32%-ით მეტ შტატგარეშეებისთვის კი, 4 მილიონით ნაკლები – სულ 6 მილიონ 436 ათასი ლარი.

4[highlight color=”green”]„ეს ნიშნავს კანონის გვერდის ავლას“

„თუ ეს შტატგარეშე თანამშრომლები სააგენტოს ძირითად საქმეს ასრულებენ და განუსაზღვრელი ვადით არიან დანიშნული, ეს ნიშნავს კანონზე გვერდის ავლას“, – ასეთია გიგი ჩიხლაძის სამართლებრივი შეფასება. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი იურისტია.

როცა დასაქმებულთა 57% შტატგარეშეა – გიგი ჩიხლაძეს ეს მონაცემი აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საჯარო უწყება და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო, მინიმუმ შრომის სტანდარტებს დაბლა სწევს: „რადგან რეალურად მართლა ძალიან მაღალია ეს ციფრი. რთულია იმის დასაბუთება, რომ ამის რაიმე ლეგიტიმური მიზანი არსებობს. თუკი წლების განმავლობაში ეს შტატგარეშეები გჭირდება, ისინი შტატში უნდა აიყვანო“, – განმარტავს იურისტი.

შტატგარეშეებზე საუბრის დროს იურისტებს, ასევე პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, ახსენდებათ ის ააიპ-ები და სხვა სახელმწიფო ფონდები, სადაც შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა პოლიტიკური ნიშნით დასაქმების ეჭვებს აჩენს. „სერვისების განვითარების სააგენტოზე“ დაკონკრეტების შემდეგ კი, სადაც თითოეულ თანამშრომელს რეალურად უწევს საქმის კეთება, ექსპერტები რისკებს უფრო სხვა კუთხით ხედავენ – არალეგიტიმური მიზნები, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საჯარო უწყებაში.

„კანონის დაურღვევლობა არ ნიშნავს მხოლოდ მის ფორმალურ საზღვრებში დარჩენას“, – ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია. ის აქცენტს იუსტიციის სამინისტროს „ფორმალურ დასაბუთებაზე“ აკეთებს, რომლითაც მას მთავრობისგან ნება მიეცა, შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა საჭიროების მიხედვით გაეზარდა. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ რაოდენობის შტატგარეშე თანამშრომელი არც ერთ საჯარო უწყებას არ სჭირდება, და თუ სჭირდება, მაშინ შესაბამისი შტატები უნდა დაიშვას.

შტატგარეშე თანამშრომლების სიმრავლეში თამარ კორძაია ხედავს პოლიტიკური გავლენის მცდელობასაც: „იუსტიციის სახლში არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ ზოგადად, ამადლიან ამ ადამიანებს, რომ ისინი კონკურსის გარეშე მოხვდნენ ძირითადად და შესაძლოა, მარტივად გაათავისუფლონ. შესაბამისად, პოლიტიკური გავლენის მოხდენა მათზე იოლია“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ შტატგარეშე თანამშრომლების სიმრავლე იუსტიციის სამინისტროში მინიმუმ საჯარო უწყების ადმინისტრირების პრობლემაზე მეტყველებს. „კანონში განმარტებულია, რომ შტატგარეშე თანამშრომლის დასაქმება უნდა მოხდეს არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. როცა ტენდენცია წლების განმავლობაში გრძელდება, ეს უკვე ბევრ კითხვას აჩენს. არ ვიცი, რატომ უნდა აწყობდეს საჯარო უწყებას ამდენი შტატგარეშე თანამშრომელი,“ – ამბობს ნინო ცუხიშვილი, საია-ს იურისტი.

2

სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების სიმარტივე – ამას ასახელებს ბევრი შტატგარეშე თანამშრომლის ყოლის ერთ-ერთ მიზეზად გიგი ჩიხლაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი: „ამ დროს საჯარო დაწესებულება არ არის ვალდებული ჩაატაროს კონკურსი. ასევე გათავისუფლება რეგულირდება შრომის კანონმდებლობით და არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით. შესაბამისად, მათი გათავისუფლება საჯარო დაწესებულებას ნაკლებ პრობლემას უქმნის“.

კიდევ ერთ მიზეზად იურისტები შტატგარეშე თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ. შტატში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო საშტატო ნუსხითაა გათვალისწინებული, შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურებას კი, მისი უშუალო დამსაქმებელი განსაზღვრავს. მაგალითად, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ვინც შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 778 თანამშრომელს.

თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი: „ეს აჩვენებს იმას, რომ რეალურად მხოლოდ საჯარო სექტორია დასაქმების ადგილი და ადამიანები ვერსად მიდიან. ისინი თანხმდებიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობას ამ პირობებშიც კი. ყველა ადამიანი ისევ მიისწრაფვის საჯარო სექტორისკენ. გასაგებია, რომ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ შემოსავლიანი საჯარო დაწესებულებაა, მაგრამ იქ მომუშავე მენეჯერები არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ეს ფული მათ ეკუთვნით. ამ რაოდენობით შტატგარეშე თანამშრომელი ნიშნავს იმას, რომ არანაირი სტრატეგია და ხედვა არა აქვს საჯარო სექტორს.“

[highlight color=”green”]შტატგარეშეები იუსტიციის სამინისტროს სხვა რგოლებში

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ერთადერთი გამონაკლისი არ არის, სადაც განსაკუთრებით ბევრი შტატგარეშე თანამშრომელია.

„ნოტარიუსთა პალატაში“ 2016 წელს 22 ადამიანი მუშაობდა შტატში, 31 – შტატგარეშედ. ამ შემთხვევაში, დასაქმებულთა 58% შტატგარეშეა. პალატაში „ბათუმელების“ ტელეფონის ზარებს არ უპასუხეს.

დასაქმებულთა 47% შტატგარეშეა „საკანონმდებლო მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ დაწესებულებაში. 2016 წელს აქ შტატში 35 ადამიანი მუშაობდა, შტატგარეშედ – 32. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული შტატების რაოდენობას, ანუ 44 ადგილს, არც აქ იყენებენ. მოცდენილი 9 შტატის პარალელურად, ადამიანები შტატგარეშედ მუშაობენ. „საკანონმდებლო მაცნეში“ გვითხრეს, რომ ხელმძღვანელის სამსახურებრივ ან პირად ტელეფონის ნომერს ვერ მოგვცემდნენ და უფროსი თავად შეგვეხმიანებოდა. „მაცნედან“ არავის დაურეკავს.

შტატგარეშეების მაჩვენებელი მაღალია იუსტიციის სამინისტროს სხვა სააგენტოებშიც. გამონაკლისი მხოლოდ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოა“, სადაც 37 ადამიანი მუშაობს შტატში და 2 – შტატგარეშედ.

3
რაც შეეხება თავად იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, აქ შტატგარეშედ სულ 16 ადამიანი მუშაობს, 160 პირი – შტატში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აპარატიც კი არ იყენებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შტატებს. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შტატში შესაძლებელია 160-ის ნაცვლად 230 ადამიანი მუშაობდეს.

„რაც შეეხება საშტატო პოზიციებს, რომლებიც ამ ეტაპზე თავისუფალია, უნდა აღინიშნოს, რომ კადრების ნაწილობრივი გადინება და ახალი თანამშრომლების აყვანა ჯანსაღი პროცესია. შესაბამისად, როცა კონკრეტული თანამშრომელი ტოვებს თანამდებობას, ვაკანტური პოზიციის შევსებამდე აღნიშნული საშტატო პოზიციები არის თავისუფალი. ძირითადად, ეს არის საფუძველი იმისა, რომ სააგენტოს აქვს თავისუფალი საშტატო პოზიციები,“ – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“.

შტატგარეშეების რაოდენობაზე იუსტიციის სამინისტრომ „ბათუმელებს“ ინფორმაცია თითქმის ნახევარი წლის დაგვიანებით მოაწოდა. 23 იანვარს გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, რომელზეც კანონის მიხედვით მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიგვეღო პასუხი, თეა წულუკიანის უწყებამ 30 მაისს უპასუხა.

[highlight color=”green”]კანონი „შტატგარეშე თანამშრომლის“ გარეშე

ნებისმიერ საჯარო უწყებაში დასაქმების სამართლებრივ რეგულაციას აწესრიგებს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ამ კანონის მე-8 მუხლში ვკითხულობთ:

„შტატგარეშე თანამშრომელი არის პირი, რომელიც დანიშვნით, ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად“.

პირველი ივლისიდან ეს კანონი ძალას კარგავს. ახალ კანონში, რომელსაც ანალოგიური სახელი ერქმევა – „საჯარო სამსახურის შესახებ“, ტერმინს „შტატგარეშე თანამშრომელი“ საერთოდ ვეღარ იპოვით. თუმცა ამ კანონში ისევ დაგხვდებათ „არამუდმივი ამოცანების შემსრულებელი“, ანუ თავისი არსით იგივე შტატგარეშე თანამშრომელი. გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, სადაც წერია:

„შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება“.

„ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ახალი კანონი მივიღეთ, ესეც იყო. დღეს ერთმანეთისგან არ განსხვავდება საჯარო მოხელე და შტატგარეშე თანამშრომელი. საჯარო უწყებებს განესაზღვრათ, რომ მხოლოდ დამხმარე, ან ტექნიკური ფუნქციის მატარებელი აიყვანონ ხელშეკრულებით“, – გვითხრა საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თემურ ჩიხრაძემ. ამ უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი „საჯარო უწყების შესახებ“, რომელიც გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა.

თემურ ჩიხრაძეს აქვს მოლოდინი, რომ თუკი სადმე შტატგარეშე თანამშრომელი ძირითად ფუნქციას ასრულებს და მუდმივად არის დასაქმებული, ის სამსახურის ხელმძღვანელმა შტატში უნდა აიყვანოს. „იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნები იყოს დაცული, საჯარო უწყებები ვალდებული იქნებიან, ხელახლა აღრიცხონ, ვინ ასრულებს ძირითად და ვინ – დამატებით ფუნქციებს. კანონდარღვევა იქნება, თუკი ადამიანი ძირითად საქმიანობას შეასრულებს შტატგარეშედ,“ – განმარტავს თემურ ჩიხრაძე.

 

„ილუზია არ მაქვს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ რაიმე შეიცვლება ამ კუთხით“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოქმედი კანონის მიხედვითაც, შტატგარეშე თანამშრომელი უნდა იყოს დროებითი და არ უნდა ასრულებდეს ძირითად საქმიანობას. ის ფიქრობს, რომ ვითარება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი შესაბამისი პოლიტიკური ნება გაჩნდება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მკაფიოდ ეტყვიან, როდის უნდა აიყვანონ ვინმე შტატგარეშედ.

 

ახალი კანონის ამოქმედებას ელის ნინო ცუხიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „დაველოდოთ პროცესს, როგორ იმოქმედებენ საჯარო დაწესებულებები. ახალი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს რეგულაციას, რა შემთხვევაში შეიძლება აიყვანო შტატგარეშე თანამშრომელი. მოქმედ კანონში ეს ასე მკაფიო არ იყო“.

ვინ გააკონტროლებს იმას, რომ შტატგარეშე თანამშრომელი ძირითად საქმიანობას არ ასრულებდეს ისევ, ან განუსაზღვრელი ვადით არ იყოს დასაქმებული? – კითხვაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ, თემურ ჩიხრაძემ გვიპასუხა: „ეს თვითონ დასაქმებულებმა უნდა გააკონტროლონ.“

რამდენად სამართლიანია, როცა კანონის შესრულებაზე კონტროლის ფუნქციას დასაქმებულს აკისრებ, ან რამდენად უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში სადმე კანონდარღვევის დაფიქსირების მოლოდინი? – თემურ ჩიხრაძემ ამ კითხვის პასუხად დაგვისახელა ციფრი – 56 000. „დაახლოებით ამდენი ადამიანი მუშაობს საჯარო სექტორში. როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკონტროლება? გარკვეულ უწყებებს ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შევამოწმებთ, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლს ვერ დავიწყებთ“.

„ბიუჯეტის შესახებ“ კანონი ადგენს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვას. ამ კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა შტატით დასაქმებულთა 2 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა თუ ეს მაჩვენებელი 5-ზე ნაკლებია, უწყებას შეუძლია 5 შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანოს. საჯარო უწყებას ასევე შეუძლია მიმართოს მთავრობას და დაასაბუთოს უფრო მეტი შტატგარეშე თანამშრომლის დასაქმების საჭიროება.

საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც საჯარო დაწესებულებებში კანონის დაცვას უნდა აკონტროლებდეს, შტატგარეშე თანამშრომელი დასაშვებზე მეტი ჰყავს. „დასაშვებზე მეტი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება აქვს მოთხოვნილი ბევრ საჯარო უწყებას. ჩვენც გვქონდა დასაბუთება შტატგარეშეების გაზრდაზე. ამჟამად ბიუროში 31 ადამიანი მუშაობს შტატში, 18 – შტატგარეშედ,“ – გვითხრა თემურ ჩიხრაძემ, საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორის მოადგილემ.

კითხვაზე, რა შეიცვლება პირველი ივლისიდან, ანუ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“, სადაც ყველაზე მეტი შტატგარეშე მუშაობს, მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე არც არაფერი შეიცვლება, რადგან კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, უკვე ცვლიან:

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამად ინიცირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც ახალი კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე“, – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი