ახალი ამბებისამართალი

მკვლელობა ჭონქაძეზე: ბრალდებულის ცოლის თქმით, პოლიცია დაემუქრა

19 აგვისტო, 2017 • 5078
მკვლელობა ჭონქაძეზე: ბრალდებულის ცოლის თქმით, პოლიცია დაემუქრა

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ცოლის განცხადებით, გამომძიებლები მასზე ზეწოლით ცდილობდნენ მათთვის სასურველი ჩვენების მიღებას. ჯულიეტა იაშვილის თქმით, მისი ქმარი მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა და ის უდანაშაულოა.

“იმყოფებოდა სახლში. იციან მეზობლებმა, რომ მას აქვს წოლითი რეჟიმი, გადაადგილება არის შეუძლებელი. საბუთები გვაქვს, რომ არის ინვალიდი. ის ვერ გადაადგილდებოდა.

პოლიციის თანამშრომელი დამემუქრა, თუ იმას არ დაწერ, რასაც გეუბნებით, მივცმ 15-დან 20 წლამდეო. უნდა თქვა, რომ იყო გარეთ გასულიო, ამ დროს არ იყო გარეთ გასული. ითანამშრომლე ჩვენთანო და ვერავისთან ვერ ვითანამშრომლებ. რაც იყო სიმართლე, იმას ვამბობ,” – აცხადებს ჯულიეტა იაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იაშვილის ადვოკატის, დავით ცინცქილაძის თქმით, ბრალდებული შიმშილობს და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა. ის ასევე უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე. ადვოკატის განცხადებით, საქმეში იაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლის ჩვენებაა, რომლის თანახმადაც მან დაინახა, როგორ ესროლა იაშვილმა მის ქმარს.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი