ელისაშვილი ხეების გაჩეხვაზე: ეს არის “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ქალაქისადმი

თბილისის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი დღეს, 17 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ზუსტად ერთი წლის წინ იგივე მოხდა ყაზბეგის 22-შიც და ეს “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაა რეკრეაციული ზონის მიმართ.

დღეს, 17 აგვისტოს, თბილისის მერიის ნებართვით, ჭავჭავაძის გამზირის 82 ნომერში ფიჭვები და კედრები მოჭრეს, რომლებიც კერძო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა, ირაკლი ჯუღელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაახლოებით 10 ხეა მოჭრილი.

“სინამდვილეში, ეს არის ქართული ოცნების დამოკიდებულება ქალაქისადმი და რეკრეაციული ზონებისადმი.  ის, რომ სელფით დადის ზოგ-ზოგიერთი და იღებს, ვითომ გამწვანებასა და ეკოლოგიაზე გული რომ შესტკივა და პარკების გაშენებას რომ აპირებს, სინამდვილეში მისი გუნდი ზუსტად ისევ ჩეხავს ხეებს შუაგულ თბილისში. ეს არის საარჩევნო სიაფანდობა, ხალხის მოტყუება, როგორც აქამდე იქცეოდა “ქართული ოცნება” და რეკრეაციული ზონები მიაჩნდა კორპუსების აშენების ადგილად და ხეები კორპუსის აშენებისთვის ხელის შემშლელად,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით  თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ამ ხეების მოუჭრელად კომპანია ვერ ახორციელებდა ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც  ხეების მოჭრის ნებართვა მოითხოვა.

“საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე,”- აცხადებს მერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი