ახალი ამბები

“წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ” – ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილზე

27 აპრილი, 2021 •
“წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ” – ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილზე

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარალამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ოპოზიციის იმ წევრებს მიმართა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად პარლამენტის მუშაობაში დღეიდან ჩაერთო.

ელისაშვილის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციას ეს ნაბიჯი უფრო ადრე რომ გადაედგა და პარლამენტში შესულიყო, თუმცა, მისი შეფასებით, კარგია, რომ პარლამენტში ოპოზიციის ადგილები ახლა მაინც შეივსო.

ელისაშვილმა გაიხსენა, რომ “ევროპული სოციალისტების” შემდეგ ოპოზიციური პარტიებიდან “მოქალაქეები” პირველები შევიდნენ პარლამენტში, დანარჩენი ოპოზიცია კი ამ ხნის განმავლობაში მათ აკრიტიკებდა:

“ძალიან საინტერესო დღეა დღეს. კარგია, რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე ჯობდა, რომ მომხდარიყო ეს, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ, მე და ლევან იოსელიან,ი თებერვლის დასაწყისში შემოვედით [პარლამენტში], “ევროპელი სოციალისტების” შემდეგ, დღეს 27 აპრილია და ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენ წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმიტომ, რომ აქ [პარლამენტში] შემოვედით. ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი, გარეთ რომ არიან, იმათაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმათ სრულად. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცოდით, რომ ჩვენი შემოსვლა იყო ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. და მეორე მიზეზი, რატომაც ვითმენდით, იყო ის, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა და ოპოზიციიდან მხოლოდ 6 კაცი არ ვიქნებოდით ამ დარბაზში წარმოდგენილები. ამიტომ ვითმენდით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე რომ მომხდარიყო ე,ს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, კი ბატონო, არ ვილაპარაკოთ წარსულზე და წინ ვიყუროთ, ქვეყანაზე, ხალხზე და მათ პრობლემებზე ვისაუბროთ. მაგრამ ერთი რამ, რაც გამიხარდა, არის ის, რომ ზოგ-ზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გვლანძღავდა ამ თვეების განმავლობაში, უკან რომ დასდხნენ, კარგია. ესე იგი, ჰქონიათ მათ რაღაც ადამიანური, წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ და იმიტომ. არავისთვის საქმის გასარჩევად და საძველბიჭოდ ჩვენ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით. წინ ვიყუროთ და ქვეყანაზე ვილაპარკოთ. მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ქვეყანასთან და ჩვენს სინდისთან ვიყავით მართლები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს კი მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლის ოპოზიციასთან ერთად განხილვასაც პრიორიტეტულად მიიჩნევს, მათ შორის არის სოფლის მეურნეობა და “ლიბერთი ბანკის” მიერ საპენსიო სესხებზე დაწესებული პროცენტი.

“დავძარით ეს საკითხი, ერთად გავაგრძელოთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ. დანარჩენ საკითხებზეც ყველამ ერთად ვიმუშაოთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი