ახალი ამბები

“ჩიჩიე ვაშაძე” — ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

22 ივნისი, 2021 • 3843
“ჩიჩიე ვაშაძე” — ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

“ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ და “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკეს.

მიზეზი საპენსიო სესხებთან დაკავშირებული საკითხია. „სტრატეგია აღმაშენებელს“ დარეგისტრირებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს უფლება ექნება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის ინიციატივა ჰქონდა პარტია “მოქალაქეებს”, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი უმრავლესობისა და “მოქალაქეების” მონაწილეობით.  პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ“სტრატეგია აღმაშენებელს” მიუთითა, რომ კანონპროექტის რეგისტრაციამდე კონსულტაციები “მოქალაქეებთან” გაევლოთ, რაც გიორგი ვაშაძემ არ გაითვალისწინა.

“გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ საპენსიო კანონი და ძალიან ვწუხვარ, რომ ბედნიერი იყო „ქართული ოცნების” დეპუტაცია, რომ მხარი არ დავუჭირეთ ვაშაძის კანონსო. ვაშაძის კანონი კი არ არის ის, ეს არის პენსიონრების კანონი, რომ „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან ძარცვა გაჩერდეს. მხარის არდაჭერით გააგრძელეთ პენსიონერების ძარცვის პროცესი, ისევე როგორც სამარშრუტო ტაქსების მეიჯარეები მშივრები დატოვეთ; მძღოლებს ხელფასი შეუმცირეთ; ჭიათურის მაცხოვრებლებს პირის ამოკერვა უწევთ იმისთვის, რომ ელემენტარული ზიანი აუნაზღაურდეთ.

ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება. თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალქეებს”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე გააკრიტიკა თბილისის მერი კახა კალაძე და ისაუბრა სავარაუდო კორუფციულ სქემაზე სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით.

“ლურჯი „მარშუტკების“ მძღოლების ხელფასი 800 ლარია, ყვითელი „მარშუტკების“ მძღოლების ხელფასი -1500 ლარი, ყვითელ „მარშუტკებს“ ჰყავდათ მეიჯარეები, რომლებიც ყოველთვიურად სამარშრუტო ტაქსს უვლიდნენ და თან 800 ლარი შემოსავალი მიჰქონდათ სახლებში. და ყვითელ „მარშუტკებს“ ჰყავდათ თავისი ე.წ. დისპეჩტერები, რომლებიც 700-800 ლარს შოულობდნენ. ჯამურად მოხდა ისე, რომ დისპეტჩერების ფული გაქრა.

ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ხელფასი 1500-დან 800 ლარამდე შემცირდა და ამასაც არ უხდიან, ხოლო მოიჯარეები საერთოდ ამოაგდეს ამ ბიზნესის მექანიზმიდან და მერიამ კონკრეტულ კომპანიას ლურჯი „მარშუტკები“ გადასცა მართვაში და თქვა, რომ მეიჯარეებმა და მძღოლებმა კი არ იშოვონ თანხა, აი, ამ კომპანიამ წაიღოს ეს ყველაფერიო.

საბოლოო ჯამში, რა ხდება? – დავთვალეთ, რომ ყოველწლიურად ბატონმა კახა კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეტჩერებს და გადაანაწილა სადღაც. დარწმუნებული ვარ, თვითონაც წილის გარეშე არ დარჩებოდა”, — თქვა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე “პენსიონერების წინაშე კეკლუცობაში” დაადანაშაულა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა:

“დოღი გვაქვს უკვე, იმდენი ხალხი იძახის, პენსია და პენსიონერი… ჩვენ სანამ შემოვიდოდით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრობდა. პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლებმა გავაძლიერეთ ეს ხმა, რომ არ შეიძლება, პესნიონერები 36%-ში იღებდნენ სესხს. შევქმენით ერთობლივი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამბიციურ ხალხსაც პატივს ვცემ, მონდომებულ ხალხსაც პატივს ვცემ, მაგრამ ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე. გიორგი ვაშაძეს მინდა მივმართო — შემოუერთდი, შე დალოცვილო, ამ ჯგუფს.

ჩაკეტილი სივრცე და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს — არის “ქართული ოცნება”, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვართ ჩვენ და სივრცე ღიაა. თემცა აქტუალობაც, კამერებთან საუბარიც გასაგებია, მაგრამ მოდით, ტვინს ნუ ავურევთ პენსიონერებს, გვერდზე გადავწიოთ ამბიციები და საერთო ფერხულში ჩავდგეთ და ერთად გამოვგლიჯოთ “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სასარგებლო გადაწყვეტილება. არ გვინდა ეს ცალ-ცალკე პენსიონერების წინაშე კეკლუცობა”.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილს “სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის” მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

“ჭიჭე (პატარა – მეგრ.) ვაშაძე, ჯუნიორი (უმცროსი – ინგ.)… რა დავარქვა… ჩიჩიე ვაშაძე… იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად, ითხოვს ტიპი, ითხოვს, ითხოვს, მეტი არაფერი… პენისონერების თემაზე გუშინ 5 ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა. მადლობა სიმართლისთვის, ამ პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა კახა კალაძეს ეცა”, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ჩიჩიე” მეგრული სიტყვაა და ქართულად უვარგისს და ლაჩარს ნიშნავს.

“პენსიონერებს რომ მაღალი პროცენტი აქვთ, არახალია. ბიჭები შემოვიდნენ ოპოზიციიდან, როცა მიხვდნენ, ფანჩატურში ყოფნა სისულელეა და მაშინათვე დაიწყეს პენსიონერების თემაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები და ვთქვით, რომ ეს თემები განვიხილოთ. გარკვეული ძვრები ვართ, ამ კვირაში კონკრეტული “ოფერით” ველოდებით, რომ მოვიდეს “ლიბერთი ბანსკი”. [ვაშაძემ] გუშინ მოიყვანა პენსიონერები და ეუბნება, 15%-ში უნდა გაკეთდეს პენსიაო. ვეუბნები, რატომ, იყოს 0%, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა — მეორე. ერთი ბანკი მითხარი, რომელი მისცემს 15%-ში სესხს?” — მიმართა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი