პრემიერმა მინისტრებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ლარსზე მყოფ ტურისტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების კონტროლი დაავალა. პრემიერმა სამინისტროებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გამშვებ პუნქტთან რიგებში მომლოდინე ადამიანების მიმართ:

“ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შეიქმნა პრობლემები, ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო. შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. მე ვიცი, რომ თქვენ მიღებული გაქვთ ზომები – მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფისთვის და მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ ასევე შს სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მაქსიმალურად განსაკუთრებით, ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში – იქ საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო ორიოდე დღის წინ, გარკვეული ზომები მიღებული იქნა, მაგრამ მინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც უწევთ ლოდინი რიგში,” – განაცხადა პრემიერმა.

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სერიოზული შეფერხებებია და მომლოდინე მანქანების რიგი 5 კილომეტრსაც აღწევს. მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, რაც რიგში დგომას გაუსაძლის ხდის. ნეტგაზეთი რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდა შსს-ს ამ თემაზე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა მათგან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი