სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სეს: ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დაშვებულზე მაღალი ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში. სეს-ის განცხადებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციას სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას გულისხმობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. როგორც სააგენტოს განცხადებაში წერია, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშების აღება მიმდინარეობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან.

“მიმდინარე წელს სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა – დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა – გამოვლინდა 4 ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს,” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

2015 წლის 9 სექტემბერს  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან  მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ  სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. მათი განცხადებით, შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სანელებლების ლაბორატორიულ კვლევა გაგრძელდება,  რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.