“ფოტოგრაფების საქმეზე” დავით დევნოზაშვილსა და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ფოტოგრაფების საქმეზე” კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს 4.6 წლით, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს 1.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებულებს ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა დავით დევნოზაშვილს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მათვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტები. კერძოდ, დავით დევნოზაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირისა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, ალექსანდრე მუხაძე გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან მოხდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება:

“კერძოდ, დავით დევნოზაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ხელშეწყობით, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდა “ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ პირებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.”

მიუხედავად ამისა, დავით დევნოზაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ფოტოგრაფებზე განხორციელებული უკანონო ქმედებების დროს მათი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდა, ხოლო ფოტოგრაფები კი აცხადებენ, რომ დევნოზაშვილი კვლავ აგრძელებს ტყუილების მოყოლას სასამართლოს წინაშე.

“ფოტორეპორტიორების საქმის წინასწარ ოპერატიულ მოკვლევაში, მის დაგეგმვაში, ფარულ ოპერატიულ და შემდგომში საგამოძიებო მოქმედებებში არანაირი მონაწილეობა მიმიღია. ჩემთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების მომზადების და ჩატარების შესახებ. მე არ მიმიღია არანაირი დავალება ჩემი ხელმძღვანელებისგან ფოტორეპორტიორების საქმის საწყის ეტაპზე. ამას ადასტურებს ჩემი იმდროინდელი უშუალო ხელმძღვანელიც თავის ჩვენებაში. ფოტორეპორტიორების დაკავებამდე საერთოდ არ ვფლობდი ინფორმაციას მათი არსებობის შესახებაც კი. პროცესები ფოტორეპორტიორების საქმეზე ვითარდებოდა ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად,” – განაცხადა სასამართლოზე დევნოზაშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ ამ საქმეში იკვეთება სისტემური დანაშაული, თუმცა დავით დევნოზაშვილი არის უდანაშაულო, რადგან არ არსებობს საქმეში არც ერთი პირდაპირი მოწმე:

“ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ზოგად ფაქტებზე. ვისაუბრეთ ფოტოგრაფებზე განხორციელებულ უკანონობაზე, რასაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის. ჩვენი მიზანი ეს არც ყოფილა. უბრალოდ, დევნოზაშვილის მონაწილეობაზე და მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე კონკრეტულად ბრალდების მხარეს ბევრი აღარ უსაუბრია. არ იყო საკმარისი ის, რაც იყო წარმოდგენილი სასამართლოზე იმისათვის, რომ დევნოზაშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ.”

პროკურორი ემზარ გაგნიძე კი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ უშუალოდ სასამართლოს წინაშე 4 დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემისას კითხვაც კი ვერ დაუსვა მათ, არათუ შეარყია ფოტოგრაფების მიერ გახმიანებული ინფორმაცია.

“ოთხი დაზარალებულის პირდაპირი ჩვენების გარდა, საქმეში ჩვენ მოპოვებული გვაქვს ვიქტორ ყაჭეიშვილის, ალექსანდრე ჯანჯღავას, ვახტანგ იმედაშვილის, ციხისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის სხვადასხვა თანამშრომლების ათობით მოწმის ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ და აცხადებენ, რომ დავით დევნოზაშვილი ღამის საათებში არაოფიციალურად, არასამუშაო დროს, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე (ჟურნალში) შედიოდა გლდანის მე–8 დაწესებულებაში და ხდებოდა იძულებით აღიარებითი ჩვენებების მიღება,” – განაცხადა პროკურორმა.

სასამართლო პროცესს თავად დაზარალებული ფოტოგრაფები ესწრებოდნენ, რომლებსაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. დევნოზაშვილის ახლობლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვა აკავებდა, თუმცა შეურაცხმყოფელ რეპლიკების მაინც აგრძელებდნენ დაზარალებულების მისამართით. ფოტორეპორტიორები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა. ფოტოგრაფები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს დაზარალებულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ–ერთი დაზარალებული, ნათია გედენიძე 27 აპრილს დაკითხა. ფოტოგრაფმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ აშანტაჟებდა დავით დევნოზაშვილი მისი პირადი კომპიუტერიდან მოპოვებული პიკანტური სურათების გასაჯაროებით, თუ იმდროინდელი ძალოვანი უწყებებისთვის წინასწარ დაწერილ ტექსტს არ მოაწერდა ხელს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, დავით დევნოზაშვილი 2016 წლის 6 დეკემბერს დააკავა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს ინტერპოლი ეძებს. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გავრცელება გახდა.

ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების პროცესშიც მონაწილეობდა. კერძოდ, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ “მაკომპრომატირებელ ფოტომასალას”. ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს სწორედ კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი ვინაობა გაზეთმა “ბათუმელებმა” 2011 წელს დაადგინა.

მოძალადე პოლიციელთაგან “ბათუმელებმა” კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა 2013 წლის მაისის თვეში დაადგინა. ფოტორეპორტიორებს საქმეზე დევნოზაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გრიფი “საიდუმლო” ადევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.