როგორ აშანტაჟებდა კონტდაზვერვის თანამშრომელი ფოტოგრაფს – ფოტორეპორტიორების საქმის განხილვა სასამართლოში

დღეს, 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტოგრაფების საქმე განიხილეს. პირველი მოწმე ნათია გედენიძე იყო, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინანდელი გარემოებები, რაც მის დაკავებას ახლდა თან, კერძოდ, როგორ მიაცემინეს იძულებით მათთვის სასურველი ჩვენებები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა.

როგორც ნათია გედენიძე ამბობს, დღევანდელ პროცესზე მას არ გასჭირვებია ბრალდებულის სკამზე მჯდომი კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, დავით დევნოზაშვილის ამოცნობა, რომელიც  ექვსი წლის წინ ფოტოგრაფს მისი საოჯახო კომპიუტერიდან ამოღებული პიკანტური ფოტოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა, რის შედეგადაც იძულებითი ჩვენება მიიღო:

ნათია გედენიძე, გაზეთ პრაიმტაიმის ყოფილი ფოტოგრაფი.

ნათია გედენიძე

“ფოტო არის ჩემი ქმრის მიერ გადაღებული, რითიც მაშანტაჟებდნენ: თუ მათთვის სასურველ, უკვე გამზადებულ ჩვენებას არ დავიზეპირებდი და არ გავიმეორებდი კამერების წინ, მეუბნებოდნენ, რომ ამ ფოტოს გაასაჯაროებდნენ, რომელიც აუცილებლად გახდებოდა შერცხვენის მიზეზი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის.”

ნათია გედენიძე ნეტგაზეთთან საუბრისას იხსენებს, თუ რა ვითარებაში მოუწია პირველად შეხვედრა კონტრდაზვერვის ყოფილ თნამშრომელ დავით დევნოზაშვილთან. გედენიძე ამბობს, რომ მანამდე არც ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს და არც ფოტოგრაფების საქმეში მონაწილე სხვა პირებს არ იცნობდა.

“არც დანიშნულ ადვოკატს და არც არავის. იზოლატორიდან რომ გამიყვანეს გარკვეულ ოთახში, იქ პირველად ვნახე დავით დევნოზაშვილი და კიდევ ერთი ადამიანი. უბრალოდ, დევნოზაშვილი აქტიურობდა და მან მაჩვენა ფოტო. ამიტომაც დამამახსოვრდა ძალიან ცუდად. დღესაც მრცხვენოდა სასამართლო დარბაზში მისთვის ყურება, რადგან მას ჰქონდა ნანახი ის ჩემი პიკანტური ფოტო, რომელიც მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრება იყო. არანაირი სურვილი მქონდა მისი გასაჯაროების და ეს მიზანიც არ ყოფილა თავის დროზე. შემდეგ უკვე პროკურატურამ ჩაატარა ამოცნობის პროცედურები და როგორც კი ეს ადამიანი დავინახე, ეჭვიც არ შემპარვია, ისე ამოვიცანი და ყველაფერი დეტალურად გავიხსენე, რაც მან ჩაიდინა,” – იხსენებს ნათია გედენიძე.

სასამართლო დარბაზში დავით დევნოზაშვილმა იკითხა, თუ რა შუაში იყო ის. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, უნდა ემსჯელათ იმის შესახებაც, რომ იქნებ მას არ მოუპოვებია სხვისი პირადი ფოტო. ბრალდებულის სიტყვებმა ნათია გედენიძის აღშფოთება გამოიწვია.

“რას ნიშნავს, რა შუაშია? დავით დევნოზაშვილმა მაჩვენა ეს ფოტო! მე არ ვიცი, როგორ მოიპოვეს, მაგრამ ჩემამდე მოიტანა მან და განახორციელა მორალური ზეწოლა, რითიც მიიღო მისთვის სასურველი ჩვენება. ამ ფოტოსთან ურთიერთობაში მხოლოდ დევნოზაშვილი იყო და როგორ მოიპოვა ან ვინ მიაწოდა, ჩემთვის უცნობია. მე მხოლოდ მას შემიძლია მოვთხოვო ამაზე პასუხი და მოვთხოვე კიდეც,” – ამბობს ნათია გედენიძე.

ხვალ, 28 აპრილს, თბილისის საქალაქო საასმართლოში ფოტოგრაფების საქმეზე ჩანიშნულია ნათია გედენიძის ქმრის, ირაკლი გედენიძის დაკითხვა, რომლის ჩვენებაც საკმაოდ ვრცელია და სხვა, დანარჩენ დეტალებს შეიცავს.

დავით დევნოზაშვილი

დავით დევნოზაშვილი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, დავით დევნოზაშვილი  2016 წლის 6 დეკემბერს დააკავა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს ინტერპოლი ეძებს. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გავრცელება გახდა.

ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების პროცესშიც მონაწილეობდა. კერძოდ, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ “მაკომპრომატირებელ ფოტომასალას”. ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს სწორედ კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი ვინაობა გაზეთმა “ბათუმელებმა” 2011 წელს დაადგინა. მოძალადე პოლიციელთაგან “ბათუმელებმა” კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა 2013 წლის მაისის თვეში დაადგინა. ფოტორეპორტიორებს საქმეზე დევნოზაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გრიფი “საიდუმლო” ადევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.