ახალი ამბები

19 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19 ივლისი, 2017 • 2398
19 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე ელენე გოგუაძემ განიხილა.

ბრალდებული და მოკლული ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილი არიან.

პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ რ.ა-მ საკუთარ 19 წლის მამიდაშვილს 16 ივლისს ყელისა და კისრის არეში 8 შემავალი ჭრილობა მიაყენა, ტანსაცმელი გამოიცვალა და აბაზანაში დატოვა, მკვლელობის იარაღი – დანა ზურგჩანთაში ჩაიდო, სიმ-ბარათი გამოცვალა და ფოთში გაემგზავრა. იგი ფოთში დააკავეს. პროკურორის განცხადებით, იარაღი ფოთში, სანაპიროზე ამოიღეს.

პროკურორს არ უსაუბრია, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ბრალდებულის მოტივი მკვლელობის ჩასადენად. მოტივზე არაფერი უთქვამს თავად ბრალდებულსაც, რომელიც პროცესს ესწრებოდა. მან არც წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა და დღევანდელი პროცესიდან გაურკვეველი დარჩა, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალს.

ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად, როდეასაც ფოთში გაემგზავრა, მას არ ჰქონდა პოლიციაში გამოცხადების სურვილი, ვიდრე “ჩადენილზე არ დაფიქრდებოდა”, თუმცა, როდესაც პოლიციელები მასთან მივიდნენ – გაჰყვა.

რაც შეეხება ნივმტკიცების სახით ამოღებულ დანას, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თვითონ აჩვენა დანის ადვილსამყოფელი პოლიციას და ბრალის დაფარვის სურვილი რომ ჰქონოდა, მას გადააგდებდა:

“თუ ბრალის დამალვა მინდოდა, შემეძლო ზურგჩანთა ზღვაში გადამეგდო,”- განაცხადა ბრალდებულმა სხდომაზე.

ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი, ოლგა გეჯაძე იცავს. მან სასამართლოზე რიგ საპროცესო დარღვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ოქმების მიხედვით, დაკითხვიდან ბრალდებულის დაკავებამდე შუალედი 1 საათს აღემატება, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა პოლიცია ამ დროის განმავლობაში. ასევე, ადვოკატის თქმით, იგი საქმეში 18 ივლისს, დაახლოებით შუდღისას ჩაერთო და თითქმის 1 დღის განმავლობაში ბრალდებული დაცვის გარეშე იყო.

ბრალდებამ მოითხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, ხოლო დაცვამ – საერთოდ არ გამოეყენებინა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება.

17 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქალაქ ფოთში დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული მოკლული გოგონას ბიძაშვილია, რომელიც გაუჩინარებული იყო.

მეზობლების თქმით, მოკლული გოგონა აბაზანაში შიშველი იპოვნეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს.

108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი