ომბუდსმენის თქმით, მათი ოფისიდან მოპარული ტექნიკა კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. ოფისიდან წაიღეს სამუშაო კომპიუტერები, რომლებშიც ოფისში შესული პერსონალური ინფორმაციის შემცველი განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

მათი ცნობიით, 18 ივლისის დილას სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა. წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

“უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც შიდა ქართლია,” – აცხადებენ სახალხო დამცველი ოფისში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი