‘არა ფობიას’: ‘ქართველთა მარშის’ მონაწილეებისგან აგრესიის გამოვლენის საფრთხე არსებობს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა “ქართველთა მარშის” მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილონ რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

“არა ფობიას” განცხადებით, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. ქართული მარშის მონაწილეებისთვისაც, თუმცა პლატფორმის წევრი ორგანიზციები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის არაერთი ფაქტი.

არა ფობიას

არა ფობიას

“მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.
  • მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით.

საქართველოს მთავრობას:

  • ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეეზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს შექმნის.

საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას, აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა

მედიის განვითარების  ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com