ახალი ამბები

დეკანოზ თადეოზის ქადაგება შეუფერებელია, შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ — მიტროპოლიტი დანიელი

27 იანვარი, 2021 • 1249
დეკანოზ თადეოზის ქადაგება შეუფერებელია, შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ — მიტროპოლიტი დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელი ეხმაურება დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, რომელშიც სასულიერო პირი ეთნიკური ნიშნით ლანძღავს სომხებს, შეიცავს ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს, COVID-19-თან დაკავშირებით კი კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.

მიტროპოლიტი დანიელი აცხადებს, რომ დეკანოზის ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის სრულიად შეუფერებელია.

მისივე თქმით, ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვრით დათარიღებული ქადაგების ვიდეო “ფეისბუქზე” აიტვირთა. მოგვიანებით ის ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს სიკეთის გაცემის შესახებ ესაუბრებოდა, რა დროსაც სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია გამოიყენა და ისინი წარმოაჩინა ადამიანებად, რომელთათვისაც მიუღებელია რაიმეს გაცემა.

“რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია. სომეხი ხომ არა ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს? რა გავცე, რის გავცეო…” – თქვა მან.

შემდგომ დეკანოზმა სარალიძემ მრევლს გაუზიარა ამბავი, როგორ მიაწოდა მაღალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ცივი წყალი. მისი თქმით, ამის შემდეგ ახალგაზრდები გამოელაპარაკნენ და დაინტერესდნენ იქვე მშენებარე ეკლესიის საკითხით.

დეკანოზმა ეკლესიაში მყოფებს ეთნიკური აზერბაიჯანელები ასე დაუხასიათა:

“ეს ეკლესიაო – ხომ იცით, მაგათ ეკლესია არ უყვართ – ამ ეკლესიას ვინ აშენებსო? მთავრობა თუ თქვენო? ნახეთ, უკვე კონტაქტში შემოვიდნენ”.

სიკეთეზე საუბარი დეკანოზმა შემდგომაც განაგრძო და ამჯერად “ქურდული წრეების” მაგალითზე შეეცადა, აეხსნა მრევლისთვის მისი მნიშვნელობა. მღვდლის თქმით, იყო “იმ ბიჭებთან, იმ სისტემაში და მართლა ვაჟკაცები იყვნენ”.

შემდგომ თადეოზ სარალიძემ ახალ კორონავირუსზე დაიწყო საუბარი. ის, ერთი მხრივ  დაუსაბუთებლად ირწმუნებოდა, რომ ადამიანებს, აცრის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიის მოხსნით ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, ამბობდა, რომ მრევლმა COVID-19 “ღვთისმშოვლის დახმარებითა და გენეტიკური სიძლიერით” გადაიტანა.

ბოლოს დეკანოზი თადეოზ სარალიძე შეეხო ბავშვებს, რომელთაც, მათი თქმით, ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან “ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები”. მორიგი სიძულვილის გზავნილი დეკანოზმა ბავშვების იმ ნაწილის მიმართ გაახმიანა, ვინც არ ჯდება მის მიერ ჩამოთვლილ ნორმებში.

ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

მასალების გადაბეჭდვის წესი