ახალი ამბები

ადვოკატი: დეკანოზის მოხსენიება “შპს-ს მამაოდ” პროკურატურის მიერ საქმესთან კავშირში არაა

11 ივლისი, 2017 • 2273
ადვოკატი: დეკანოზის მოხსენიება “შპს-ს მამაოდ” პროკურატურის მიერ საქმესთან კავშირში არაა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მკვლელობის მომზადებას, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება დეკანოზ მამალაძის მიმართ, არაფრით უკავშირდება იმას, რომ მას მრევლი ფინანსურად ეხმარებოდა.

დღეს, 11 ივლისს, გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხეს კომპანია FINANCIAL EXPERTS CORPORATION-ის აუდიტორი ირმა ჩხაიძე. მიხეილ რამიშვილის თქმით, ჩხაიძის მიმართ კითხვები უკავშირდებოდა მის საქმიანობას, რადგან მან წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის კლინიკის აუდიტი ჩაატარა, რომლის დირექტორი დაკავებული დეკანოზია.

სასამართლო სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დეკანოზი მამალაძე ფულს იღებდა სხვა პირებისგან, ეს კი იმას უკავშირდება, რომ დეკანოზი საპატრიარქოს ქონებითაც ცდილობდა გამდიდრებას.

“ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვე იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს, მათ შორის- საახალწლო პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს სასულიერო ღონისძიება განეხორციელებინა, ის იყო დაკავებული ანგარებით, სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებებით, მათ შორის, საპატრიარქოს ქონების მეშვეობით”, -განაცხადა პროკურორმა.

დეკანოზის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ არის შემხებლობაში მკვლელობის მომზადების საქმესთან, რაშიც ბრალს სდებენ დეკანოზ მამალაძეს.

“შპს-ს მამაო რას ჰქვია? ადამიანი შეიძლება იყოს შპს-ს დირექტორი და მას სულიერი მოძღვარი ჰყავდეს. ადამიანი ქველმოქმედებით თუ პატივს სცემს და რამეს უკეთებს თავის მოძღვარს, ეს არ ნიშნავს, რომ შპს-ს მამაოა. რა შემხებლობა აქვს საქმესთან? კაცი მიდიოდა მოსაკლავად, თუ მიდიოდა. იმის ძიება, ვინ საჭმელი მისცა, ვინ პატივი სცა, რა შემხებლობაშია ამ საქმესთან. საჯარო რომ ყოფილიყო ეს პროცესი, შპს-ს თანამშრომლად ვერ დაასახელებდა ვერც ერთი პროკურორი. იმიტომ არის დახურული, რომ რასაც უნდა, ისე აღიქვამენ პროკურორები,” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზი იყო ირმა ჩხაიძის მოძღვარი და მატერიალურად ეხმარებოდა. სასამართლო სხდომაზე კი ჩხაიძემ განაცხადა, რომ როგორ დახარჯავს თავის თანხებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

“ნეტგაზეთი” ირმა ჩხაიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სხდომები დახურულია.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაახლოებით 10 ადამიანი დაკითხეს მოწმის სახით. შემდეგი სასამართლო პროცესი 14 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი