ახალი ამბებისაზოგადოება

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები 1 ლარად – ვინ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამით

30 ივნისი, 2017 • 7591
ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები 1 ლარად – ვინ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამით

70 წლის გაიოზ ივანიძე თბილისში ცოლთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, მისი ერთადერთი შემოსავალი ყოველთვიური პენსია და სოციალური შემწეობაა, რაც თვეში დაახლოებით 350 ლარს შეადგენს. არის გულსისძარღვთა ქრონიკული დაავადებების მატარებელი და ყოველთვიურად 60-დან 120 ლარამდე სჭირდება მედიკამენტების საყიდლად. რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი მის ცოლსაც, რომლისთვისაც ასევე ხშირად ყიდულობს წამალს. დღეს ის სოციალური მომსახურების სააგენტოში მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მივიდა.

“გულის უკმარისობა მაქვს, ვარიკოზული დაავადება, არითმია, მაღალი წნევები… მაქსიმუმ 120 ლარამდე მეხარჯება წამლებზე თვეში. 4-5 სახის მედიკამენტი მჭირდება სისტემატურად. ზოგი 5 ლარი ღირს, ზოგიც- 10, ზოგი- 18. ყველაზე ნაკლებ, საშუალოდ 60 ლარი მიდის თვეში წამლებზე. დღეს მოვედი საბუთის მოსატანად,” – ამბობს გაიოზ ივანიძე.

მედიკამენტების გაცემის პროგრამის მონაწილე გაიოზ ივანიძე 30.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

მედიკამენტების გაცემის პროგრამის მონაწილე გაიოზ ივანიძე 30.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ქრონიკული დაავადებების 4 ჯგუფის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება. პროგრამის პირობების თანახმად, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა საერთო ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • დიაბეტის მეორე ტიპი (არა ინსულინდამოკიდებული)

ეს დაავადებები სამინისტრომ შეარჩია იმიტომ, რომ დაავადებიანობის სტრუქტურაში 60%-ზე მეტი სწორედ ამ ტიპის დაავადებებზე მოდის.

მედიკამენტების მისაღებად მოქალაქემ აფთიაქში უნდა გადაიხადოს გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%, რაც სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში არ აღებამტება ერთ ლარს და არანაკლებია 5 თეთრზე. ბენეფიციარს ერთდროულად შეუძლია მიიღოს მედიკამენტების სამი თვის სამყოფი ოდენობა.

რა პროცედურის გავლაა აუცილებელი პროგრამაში მოსახვედრად:

[checklist]

  • ბენეფიციარი მიდის ოჯახის ან სოფლის ექიმთან, რომელიც უწერს მას ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დამადასტურებელ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას.
  • ექიმი წერს რეცეპტს, რომელშიც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
  • ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტითა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადც მას დაარეგისტრირებენ პროგრამაში.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს (რადგან ამ სააფთიაქო ქსელმა გაიმარჯვა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში).
  • აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

[/checklist]

მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი ხელთავიდან უნდა დარეგისტრირდეს პროგრამაში განახლებული მონაცემებით.

თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცვველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას და დატოვებს პროგრამას.

შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია დაახლოებით 700 000 ადამიანი, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ისინი საჭიროებიდან გამომდინარე დაახლოებით 200 000 ადამიანს გაუწევენ დახმარებას პროგრამის პირველ ეტაპზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე 30.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე 30.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

პროგრამაში რეგისტრაცია დღეიდან უკვე გაიხსნა, თუმცა, როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, სრულად ივლისის ბოლოდან ამოქმედდება. რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელია 13 სხვადასხხვა ტიპის მედიკამენტის გაცემა, რომელსაც ივლისის ბოლომდე კიდევ 10 მედიკამენტი დაემატება.

“მთლიანად პროგრამა შეისყიდის 23 მედიკამენტს, რომლის ძირითადი ნაწილის გაცემის საშულება ხვალიდან იქნება.

“რამდენიმე მედიკამენტით უზრუნველყოფის გადაწევა გამოიწვია იმან, რომ ჩვენ სატენდერო პირობებში მითითებული გვაქვს, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ ხარისხის დამადასტურებელ მოთხოვნებს ეს მედიკამენტები. უკვე შესყიდულებიდან ყველა უცხოური წარმოშობისაა, მხოლოდ ერთია ადგილობრივად წარმოებული და მასაც აქვს WHO-ს შესაბამისი ხარისხი,” – ამბობს მინისტრის მოადგილე.

სოფრომაძის თქმით, ჯანდაცვის პროგრამის განსახორციელებლად სამინისტრო მზადაა. პროგრამის ამოქმედებამდე შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ოჯახისა და სოფლის ექიმებს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოებსა და აფთიაქებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი