ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმი. 30.06.2017. ფოტო: ჯაბა ანანიძე

“საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ” – ჯანი ბუკიკიო არასამთავრობოებს შეხვდა

დღეს, 30 ივნისს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მესამე სექტორის პოზიციები საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებით ბუკიკიოს ISFED-ისა და TI-საქართველოს ხელმძღვანელებმა – მიხეილ ბენიძემ და ეკა გიგაურმა გააცნეს.

ბენიძის თქმით, ბუკიკიომ კვლავაც ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მისაღწევად. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის საკითხი.

“საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვგულისხმობ, ბუნებრივია, და მისი (ბუკიკიოს) მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც ეს იყო შეფასებული, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის,” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ამ მხრივ ქართული  არასამთავრობო სექტორისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები იდენტურია და მათ ინტერესშია, რომ შეჩერდეს ნეგატიური ცვლილებები კონსტიტუციაში, რაც მმართველმა პარტიამ უკვე 2 მოსმენით დაამტკიცა პარლამენტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი