ახალი ამბები

ისრაელის შს მინისტრი: არალეგალურად 79000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოდან და უკრაინიდან

22 ივნისი, 2017 • 18845
ისრაელის შს მინისტრი: არალეგალურად 79000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოდან და უკრაინიდან

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დავიდ დერის განცხადებით, ისრაელში დარჩა ტურისტად ჩასული 79000 საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე, რაც ორჯერ აჭარბებს აფრიკიდან შესული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას. განცხადება მინისტრმა 22 ივნისს  შინაგან საქმეთა კომიტეტზე გააკეთა.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად ისრაელში 39000 თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს აფრიკიდან, რაშიც არ შედიან ბავშვები. 79000 ადამიანი კი- საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ისრაელში ჩავიდნენ და თავიანთ ქვეყნებში აღარ დაბრუნებულან.

“ასეთი ტურისტები ავტობუსებს პირდაპირ სალემის გზით შემოჰყავთ თავშესაფრის მაძიებლებად. მას შემდეგ, რაც მათ შეაქვთ განაცხადი თავშესაფარზე, მის განხილვამდე მათი დეპორტაცია შეუძლებელია, რიგები კი საკმაოდ გრძელია,” – აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, ერთი წლის წინ მან წამოიწყო პროცესი, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაძლებელი ყოფილიყო დეპორტი, თუ ისინი ქვეყანაში არალეგალურად შევიდოდნენ.

“მათ ატყუებენ” – ამბობს მინისტრი საქართველოს მოქალაქეებზე – “საქართველოოში მოტყუებით 5000 დოლარს ახდევინებენ და აძლევენ გარანტიას, რომ ისინი ისრაელში მუშაობას შეძლებენ, თუ თავშესაფარს მოითხოვენ. ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია საქართველოში, რათა აგვეხსნა მათთვის, რომ ატყუებენ. ჩვენ ველოდებით უკრაინის საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრს, რომ მსგავსი კამპანია მათაც დაიწყონ,” – აცხადებს მინისტრი.

მინისტრის განცხადებით, თელ-ავივის სამხრეთ ნაწილი მთლიანად დაიკავეს თავშესაფრის მაძიებლებმა. მისი თქმით, 2016 წელს 18000-მა ადამიანმა მოითხოვა თავშეფარი ისრაელში. 2017 წელს ჯერ არავინ შესულა ქვეყანაში ამ გზით, 5000-მა კი, პირიქით,  ისრაელი დატოვა.

“არ არსებობს ნათელი პოლიტიკა,” – ამბობს დერი – “ისრაელი არ შექმნილა იმისათვის, რომ შთანთქოს სამუშაოს მაძიებლები. მათ გარდა, ვინც დარფურიდან შემოდის, სხვა ყველა უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. ისინი შემოდიან არალეგალურად და ჩემი მოვალეობაა, რომ ისინი აქედან გავიყვანო.”

კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს საჯარო უსაფრთხოების მინისტრს, რომ გაზარდოს სამხრეთ თელავივში პოლიციის ოფიცრების რაოდეობა. ის ასევე მიმართავს ფინანსთა მინისტრს, რომ გაზარდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ინსპექტორებისათვის. მისი თქმით, მოქმედი 130 ინსპექტორი ვერ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას. მისი განაცხადებით, პრობლემა იმდენად კომპლექსურია, რომ მას სათავეში პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი