საზოგადოება

ისრაელის მოქალაქე, რომლის მოკვლასაც თბილისში, სავარაუდოდ, „კილერი“ ცდილობდა, იციკ მოშეა

16 ნოემბერი, 2022 • 1691
ისრაელის მოქალაქე, რომლის მოკვლასაც თბილისში, სავარაუდოდ, „კილერი“ ცდილობდა, იციკ მოშეა

პირი, რომლის მკვლელობასაც, სავარაუდოდ, დაქირავებული მკვლელი გეგმავდა, საქართველოში დიდი ხნის მცხოვრები იციკ მოშე აღმოჩნდა.

ეს ინფორმაცია იციკ მოშემ „ნეტგაზეთს“ პირადად დაუდასტურა.

62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

იციკ მოშე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ გეგმავდა მის მკვლელობას და ვისი დაკვეთით.

იგი ვარაუდობს, რომ მისი მკვლელობის მცდელობა ზოგადად მის სამუშაოს უკავშირდება და ანტისემიტიზმითაა განპირობებული:

„პირველ რიგში, 30 წელზე მეტია, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ვმუშაობ – ჩემი საქმიანობა უკავშირდება ისრაელის წარმოდგენას, ისრაელის კავშირებს მეგობარ ქვეყნებთან. მეორე მხრივ, ამ ბოლო პერიოდში გაძლიერებულია ანტისემიტური ტალღა. წინა კვირაში გვქონდა გლობალური ფორუმი იერუსალიმში და ალბათ ეს ყველაფერი ამას უკავშირდება… როცა ებრაელი ხარ, ბევრ ქვეყანასა და ადამიანს ბევრი მიზეზი არ სჭირდება, რომ არ უყვარდე. ეს მიმართულება შეიძლება იყოს მიზეზი“, – ამბობს იგი.

იციკ მოშეს თქმით, გუშინდლამდე საერთოდ არ იცოდა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურის საჯარო განცხადების შემდეგ, დღის ბოლოს, მიიღო ზარი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტისგან, იცხაკ ჰერცოგისგან:

„მან გამომიცხადა უდიდესი მხარდაჭერა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ასევე, დარეკეს ისრაელის პარლამენტიდან… ძალიან მადლობელი ვარ საქართველოს სამართალდამცავებისა, რომლებმაც უდიდესი სამუშაო გაწიეს. ისეთ ღია ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გქონდეს ინფორმაცია ასეთ ჯგუფებზე და აღკვეთო, გმირობაა, პროფესიონალიზმია და ისრაელის მიმართ მეგობრული ნაბიჯია“, – ამბობს იციკ მოშე.

სავარაუდო დამკვეთი – ყუდსის ძალები

ებრაული გამოცემა The Times of Israel ისრაელის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალებს სურდათ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყუდსის ძალებმა სხვადასხვა ქვეყნიდან დაგეგმეს ბიზნესმენის მკვლელობა;

Times of Israel-ის თანახმად, უშუალოდ მკვლელობის განხორციელება ირანიდან მიღებული დირექტივებით სცადა პაკისტანურმა ჯგუფმა, რომელიც, მედიის ცნობითვე, ალ-კაიდასთან არის აფილირებული.

მედიის წყაროს ცნობითვე, ეს არ არის იციკ მოშეზე თავდასხმის პირველი მცდელობა.

გამოცემა ასევე წერს, რომ სქემა ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაკისტანელი პირის ქცევაში საეჭვო ნიშნები შენიშნა – ეს პირი დააკავეს და ჩხრეკისას იარაღი აღმოუჩინეს.

დანაშაულის სქემა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დილას განაცხადა, რომ ირანის მოქალაქე საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა, რისთვისაც პაკისტანის მოქალაქე დაიქირავა.

სუს-ის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა და დააკავა პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

უწყების თანახმად, იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები: „დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა;
  • საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს „ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე“;
  • დაქირავებული მკვლელი („ქილერი“) პირი მესამე ქვეყნის გავლით (სუსი არ ასახელებს, რომელი ქვეყნის) ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და „გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები“.
  • საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე „მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს“, ფარულად სწავლობდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.

ამასთან, სუს-ის გამოძიების თანახმად, მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, „დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი“.

„კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა“, – წერს სუსი.

უწყება ამბობს, რომ პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.

სუს-ის თანახმად, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის მონაწილე და ხელშემწყობი პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი