ახალი ამბები

იციკ მოშესა და ჯონ ბოლტონის მკვლელობა ერთმა და იმავე პირმა დაუკვეთა – WaPo-ს წყაროები

1 დეკემბერი, 2022 • 1157
იციკ მოშესა და ჯონ ბოლტონის მკვლელობა ერთმა და იმავე პირმა დაუკვეთა – WaPo-ს წყაროები

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ დასავლელი თანამდებობის პირების, – კონფიდენციალური წყაროების, – თანახმად, პირმა, რომელმაც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის, იციკ მოშეს მკვლელობა დაუკვეთა, 2020 წელს დაუკვეთა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა.

რა ხდება

„ვაშინგტონ პოსტის“ მიერ პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში არაერთი საქმეა აღწერილი, რაშიც, ავტორების თანახმად, ირანთან დაკავშირებული ძალები ირანის მთავრობისთვის „მიუღებელი პირების“ მოკვლას ცდილობენ.

სტატიაში ნახსენებია ჯონ ბოლტონის, ტრამპის ყოფილი მრჩევლის მკვლელობის მცდელობის გეგმა.

შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 45 წლის შაჰრამ პურსაფის, ირანის მოქალაქეს,  დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვის გამო.

პურსაფიზე FBI-ს ძებნა აქვს გამოცხადებული.

შაჰრამ პურსაფის ფოტოები 2020-21 წლებში. წყარო: FBI

მოტივაცია, სავარაუდოდ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე „შურისძიება“ იყო [სოლეიმანი,  ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური,  2019 წლის 27 დეკემბერს შტატების საპასუხო იერიშის შედეგად დაიღუპა].

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ვრცელი სტატიის მომზადებისას, – რაც არა მხოლოდ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობას, არამედ სხვა არაერთ შემთხვევას ეხება, – ესაუბრნენ „15 მაღალი თანამდებობის პირს ვაშინგტონში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლებმაც სენსიტიური ინფორმაცია ანონიმურობის დაცვის გარანტიით გაუზიარეს მედიას”.

„დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს ასევე სცადა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა. იციკ მოშე წლებია, მუშაობს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – წერია სტატიაში.

ვინ არის იციკ მოშე

62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

იციკ მოშე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ ვარაუდობს, მისი მკვლელობის მცდელობა ზოგადად მის სამუშაოს უკავშირდება და ანტისემიტიზმითაა განპირობებული:

„პირველ რიგში, 30 წელზე მეტია, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ვმუშაობ – ჩემი საქმიანობა უკავშირდება ისრაელის წარმოდგენას, ისრაელის კავშირებს მეგობარ ქვეყნებთან. მეორე მხრივ, ამ ბოლო პერიოდში გაძლიერებულია ანტისემიტური ტალღა. წინა კვირაში გვქონდა გლობალური ფორუმი იერუსალიმში და ალბათ ეს ყველაფერი ამას უკავშირდება… როცა ებრაელი ხარ, ბევრ ქვეყანასა და ადამიანს ბევრი მიზეზი არ სჭირდება, რომ არ უყვარდე. ეს მიმართულება შეიძლება იყოს მიზეზი“, – ამბობს იგი.

სავარაუდო დამკვეთი – ყუდსის ძალები

ებრაული გამოცემა The Times of Israel ისრაელის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალებს სურდათ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყუდსის ძალებმა სხვადასხვა ქვეყნიდან დაგეგმეს ბიზნესმენის მკვლელობა;

Times of Israel-ის თანახმად, უშუალოდ მკვლელობის განხორციელება ირანიდან მიღებული დირექტივებით სცადა პაკისტანურმა ჯგუფმა, რომელიც, მედიის ცნობითვე, ალ-კაიდასთან არის აფილირებული.

მედიის წყაროს ცნობითვე, ეს არ არის იციკ მოშეზე თავდასხმის პირველი მცდელობა.

გამოცემა ასევე წერს, რომ სქემა ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაკისტანელი პირის ქცევა საეჭვოს მიიჩნია – ეს პირი დააკავეს და ჩხრეკისას იარაღი აღმოუჩინეს.

დანაშაულის სქემა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დილას განაცხადა, რომ ირანის მოქალაქე საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა, რისთვისაც პაკისტანის მოქალაქე დაიქირავა.

სუს-ის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა და დააკავა პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

უწყების თანახმად, იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები: „დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა;
  • საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს „ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე“;
  • დაქირავებული მკვლელი („ქილერი“) პირი მესამე ქვეყნის გავლით (სუსი არ ასახელებს, რომელი ქვეყნის) ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და „გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები“;
  • საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე „მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს“, ფარულად სწავლობდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.

ამასთან, სუს-ის გამოძიების თანახმად, მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, „დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი“.

„კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა“, – წერს სუსი.

უწყება ამბობს, რომ პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე, სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.

სუს-ის თანახმად, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის მონაწილე და ხელშემწყობი პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი