ახალი ამბები

NGO-ები GPB-ის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

19 ივნისი, 2017 • 1641
NGO-ები GPB-ის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ. განცხადებაში, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ  17 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

“სამუშაო შეხვედრა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა.  შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი, მაგრამ არ იყო ჩართული სამეურვეო საბჭოს არც ერთი წარმომადგენელი. ამასთან, განხილული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის კომიტეტში  დეკლარირებულ ვადაზე უფრო სწრაფად, 20 ივნისს  იგეგმება”,- ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილი ცვლილებები არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს და  ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

“შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის, როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი  დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები  საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ვგულისხმობთ მენეჯმენტის მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაცემების დახურვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური სივრცის მხოლოდ შიდა რესურსით მართვის გადაწყვეტილებას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრბო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ:

[checklist]

  • შეჩერდეს კანონპროექტის გადაუდებელი ინიცირება პარლამენტში;
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას ფართო და მონაწილეობითი სამუშაო ჯგუფი კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის;

[/checklist]

განცხადებას ხელს აწერენ:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი