ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, რეპერების დაკავების სხვა შესაძლო მიზეზები გამოიძიოს

10 ივნისი, 2017 • 2352
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, რეპერების დაკავების სხვა შესაძლო მიზეზები გამოიძიოს

სახალხო დამცველი პროექტ “ბირჟა მაფიის” რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) საქმეს ყურადღებით დააკვირდება. ომბუდსმენი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიება დაიწყოს რეპერების დაკავების სხვა მიზეზებთან დაკავშირებით, რaც შესაძლოა მუსიკალურ კლიპს უკავშირდებოდეს და არა იმ დანაშაულს, რომელიც ბრალშია წარდგენილი.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიiს“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,„სამართალდამცველებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. სამინისტროს მიერვე გავრცელებბულ ინფორმაციაში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ გიორგი ქებურია ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღmკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია.

სახალხო დამცველი იმოწმებს ბრალდებულების ციტატებს სასამართლო სხდომიდან:

მიხეილ მგალობლიშვილი: „გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია […] დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა  საშიშროება. ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო  […] გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს […] ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი.  არ მალავდნენ, რომ ამ კლიპზე იყო საუბარი. მკითხეს, შენ ხარ ავტორიო  და ვუთხარი, რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა, რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა.“

გიორგი ქებურია: „მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი. ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი. ამას ვერ მალავდნენ. ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო.“

“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“

არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,  ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი