ქართველი მწერლები

31 ქართველი ავტორი ევროპული ლიტერატურული ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება

ლიტერატურული ფესტივალის – “ავტორთა კითხვის თვე” საპატიო სტუმარი წელს საქართველო იქნება. რაც ნიშნავს, რომ 31 ქართველი ავტორი პირველი ივლისიდან 4 აგვისტომდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქს ეწვევა და ლიტერატურულ საღამოებს გამართავს.

“ავტორთა კითხვის თვე“ (Authors’ Reading Month) 2017 წლის ზაფხულში უკვე მეთვრამეტედ ჩატარდება. ფესტივალი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 2000 წელს დაარსდა. 2011 წელს ფესტივალი გაფართოვდა და კიდევ ორი ქვეყანა – სლოვაკეთი და პოლონეთი მოიცვა. 2017 წელს კი ავტორები 5 ქალაქს მოივლიან.

ლიტერატურული კითხვის საღამოები თავდაპირველად ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გაიმართება, ყოველ შემდეგ დღეს კი ქართველი ავტორი მომდევნო ქალაქს ეწვევა: ვროცლავი (პოლონეთი); ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიცე (სლოვაკეთი) და ლვოვი (უკრაინა). პარალელურად, თითოეულ ქალაქში გაიმართება ადგილობრივი მწერლის მკითხველთან შეხვედრა, თვის ყოველი დღე დაეთმობა ერთი ქართველი და ერთი ადგილობრივი მწერლის ღონისძიებას.

ფესტივალზე თანამედროვე ქართული ლიტერატურა ყველა ჟანრით იქნება წარმოდგენილი. 31 ავტორი 155 ღონისძიებას გამართავს.

ფესტივალის ორგანიზატორის, რენატა ობადალკოვას თქმით, ფესტივალი არა მხოლოდ ლიტერატურულ საღამოებს მოიცავს, არამედ ფესტივალის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც მომზადდება. შემდგომში კი ფილმი გავა ოთხივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერში.

“ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ჩეხ მკითხველს ვაჩვენოთ საქართველო, როგორც სივრცე, რომელიც ცენტრალური ევროპის კულტურული სივრცის განიყოფელი ნაწილია – დაწყებული ისტორიული ქარტეხილებით, დამთავრებული დღევანდელი რეალობით. საქართველო ჩვენთვის არის ცოტა ეგზოტიკური ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა და, ამავდროულად, შორს,” – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველიმა ქეთევან დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია.

“მე მინდა ვთხოვო ორგანიზატორებს და შეიძლება ოდესმე რეალობაც გახდეს, რომ საქართველო იყოს ფესტივალის მასპინძელი და საქართველოში მივიღოთ ამდენი უცხოელი მწერალი,” – ამბობს დუმბაძე.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალამდე ქართველი მწერლების სტუმრობა ჩეხეთში მათთვის ძალიან სასიამოვნოა.

ლიტერატურული ფესტივალის - "ავტორთა კითხვის თვე" წარდგება თბილისში მწერალთა სახლში გაიმართა 08.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ლიტერატურული ფესტივალის – “ავტორთა კითხვის თვე” წარდგება თბილისში მწერალთა სახლში გაიმართა 08.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ქართველი მწერლები, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არიან:

  • დათო ტურაშვილი,
  • პაატა შამუგია,
  • მარიამ წიკლაური,
  • თამთა მელაშვილი,
  • ბესო ხვედელიძე,
  • ეკა ქევანიშვილი,
  • დიანა ანფიმიადი,
  • ლელა სამნიაშვილი,
  • ზაზა კოშკაძე,
  • ნიკა ჯორჯანელი,
  • ნენე კვინიკაძე,
  • ანა კორძაია-სამადაშვილი,
  • რეზო თაბუკაშვილი,
  • გიორგი არაბული,
  • ბათუ დანელია,
  • აკა მორჩილაძე

  • გიორგი ლობჟანიძე,
  • ბექა ქურხული,
  • შოთა იათაშვილი,
  • ბასა ჯანიკაშვილი,
  • გიორგი კეკელიძე,
  • ზურაბ რთველიაშვილი,
  • თეა თოფურია,
  • კატო ჯავახიშვილი,
  • გაგა ნახუცრიშვილი,
  • ეკატერინე ტოგონიძე,
  • ლელა კოდალაშვილი,
  • ზვიად რატიანი,
  • დავით გაბუნია,
  • ლია ლიქოკელი,
  • ერეკლე დეისაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი