ბაგა-ბაღის სათამაშოები

უსაფრთხო სათამაშო – ომბუდსმენის საინფორმაციო კამპანია ბავშვების ჯანმრთელობისთვის

“უსაფრთხო სათამაშო” –  ამ სახელწოდებით სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამ ინიციატივის ინსპირაცია გახდა საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით მძიმე მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საკითხის კვლევა 2016 წელს დაიწყო.

უჩა ნანუაშვილი დაეყრდნო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგები ამბობს, რომ ქვეყანაში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2 ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით, ორგანიზაციამ სათამაშოების შემოწმების 4 კამპანია ჩაატარა. სულ სათამაშოების 44 ნიმუში შემოწმდა, აქედან სათამაშოს 21 ნიმუშში აღმოჩნდა, რომ მავნე ნივთიერებები  (პტალატების, იგივე პლასტმასის დამარბილებელი ნივთიერებები) დასაშვებ ნორმას აჭარბებს.

“ეს ნივთიერება უშუალოდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ ფუნქციაზე და თირკმელებზე, ნივთიერება არ ახდენს მყისიერ ზეგავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თვალსაჩინოდ გარკვევა, ზიანი მიადგა თუ არა ბავშვს, მაგრამ წლების განმავლობაში ამ ნივთიერებასთან სისტემატური შეხების პირობებში ბავშვის ჯანმრთელობა ზიანდება”,- განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

მისივე თქმით, სათამაშოების შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. ნიმუშები თბილისის 14 მაღაზიიდან და 4 აფთიაქიდან აიღეს. შემოწმდა როგოც ჩვილი ბავშვებისთვის, ისე მოზრდილი ბავშვებისთვის შექმნილი სათამაშოები.

“კარგი ამბავი ისაა, რომ აფთიაქებში აღებული ნიმუშებიდან არც ერთში  არ აღმოჩნდა მავნე ნივთიერების გადაჭარბება. ხოლო მაღაზიების ნიმუშების შემთხვევაში იყო სერიოზული გადაჭარბება. ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ღრძილების მასაჟორები, რაც შევამოწმეთ აფთიაქებიდან, იყო ნორმების შესაბამისი. რაც სხვა მაღაზიებში ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები შევამოწმეთ, საჭყიპინო სათამაშოები, დაახლოებით ნახევარში იყო ნორმების გადაჭარბება”,- ამბობს კობალაძე.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, თამარ გობეჯიშვილის თქმით, მხოლოდ იმპორტირებული სათამაშოები შემოწმდა. ასევე, შემოწმებული სათამაშოები დაბალფასიანია.

“ყველა სათამაშო წარმოებული იყო ჩინეთში, ზოგიერთი სათამაშო გერმანული ან სხვა ევროპული ქვეყნის დაკვეთით, მაგრამ მწარმოებელი ქვეყანა ამ შემთხვევაშიც ჩინეთი იყო”.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ ჩინური წარმოების ყველა სათამაშო საფრთხის შემცვლელია:

“პირიქით, არის ძალიან ბევრი სათამაშო, რომელიც ხარისხიანია. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ქვეყანაში შემოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს და კამპანია ასეთი მექანიზმის შექმნის ადვოკატირებისკენაც იქნება მიმართული”,- განაცხადა ნანუაშვილმა.

ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, “სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ” სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი. ეს დiრექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. თუმცა, როგორც ომბუდსმენი ამბობს, მთავრობა 2019 წელს არ უნდა დაელოდოს  და უკვე საჭიროა, დაიწყოს საკითხზე მუშაობა.

სახალხო დამცველის კამპანიას ბიზნესორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ასევე დაფუძნდა ასოციაცია “უსაფრთხო სათამაშო”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com