კორნელი კაკაჩია © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ნატოს ახალი მხარდამჭერი დეკლარაცია ძველი გზავნილებით – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დაიხურა.

დეკლარაციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ეს მოხდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) დახმარებით. 19-პუნტიან დეკლარაციაში ასამბელეა მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს  და გაიყვანოს სამხედრო ძალები იკკუპირებული ტერიტორიებიდან.

რას შეცვლის დეკლარაციის მიღება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობებში? იქონიებს თუ არა ამჯერად გავლენას საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ გამოთქმული მხარდაჭერა საბოლოო გაწევრიანების პროცესზე?

დეკლარაციის ძირითად გზავნილებზე, ალიანსის წევრობის სავარაუდო პერსპექტივებსა და დოკუმენტის გავლენის შესახებ “ნეტგაზეთი” პოლიტიკის მეცნიერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ ზოგადად დეკლარაციას – მოიცავს თუ არა ის 19 პუნქტი რომელიმე პოლიტიკურ მესიჯს, რომელიც ნატოს ამ დრომდე საქართველოს მისამართით არ გაუხმიანებია?

მთლიანობაში ეს დეკლარაცია მეტ-ნაკლებად იმეორებს ვარშავის სამიტის ძირითად დებულებებს, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამჯერად ხაზი გაესვა მაპის საკითხს. პირდაპირ ითქვა ვარშავის სამიტზეც, რომ საქართველოს გაწევრიანება მოხდება მაპის მეშვეობით. რა სახის რიტორიკაც არ უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან, აქ გარკვევით წერია და ხელთავიდან აღინიშნა, რომ შესაძლოა არსებობდეს ალტერნატიული მოდელები, რომლებზეც საუბრობენ და რომლებშიც შესაძლოა იყოს რაციონალიზმის მარცვალი, მაგრამ მაპი არის ის მექანიზმი, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა და, ბუნებრივია, გამონაკლისს არავინ გააკეთებს.

რას ცვლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან თანადგომის მსგავსი სახით ოფიციალურად დაფიქსირება? რა გავლენას იქონიებს და ექნება თუ არა მას ხელშესახები ეფექტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე?

ბუნებრივია, საპარლამენტო ასამბლეის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც პოტენციური აპლიკანტი ქვეყნის პოზიციებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დღეს საერთაშორისოდ შექმნილი გეოპოლიტიკური ამინდის შესაცვლელად. ამ საკითხის წინ წამოწევა მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. მსგავსი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს გარღვევას ვერ მოახდენს.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველო სწორ გზას ადგას და კონკრეტული დროის მითითების გარეშე გახდება ნატოს წევრი; რომ მას უჭერენ მხარს წევრი ქვეყნები, მაგრამ კონკრეტული თარიღები ან დეტალები, რაც მანამდე არ ვიცოდით სხვა დადგენილებებიდან, ამ დეკლარაციიდანაც არ გახდა ცნობილი

აქედან გამომდინარე კითხვა – შეიძლება თუ არა მაპის შესახებ ჩანაწერი გახდეს გაწევრიანების პროცესის დაჩქარების საფუძველი, არარელევანტურია?

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. მისაღებია ის არგუმენტებიც, რაც, მაგალითად, ასამბლეის სესიებზეც გახმიანდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, თუმცა ეს არ არის ძირითადი არგუმენტი. პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, გამომდინარეობს ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც ინარჩუნებენ სკეპტიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

საქართველოს გაწევრიანება ნატოსთვის ამ ეტაპზე აქტუალური არ არის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება და არსებული სიტუაცია არ გამორიცხავს იმას, რომ თემა გახდება აქტიუალური რამდენიმე წელიწადში. ხანდახან პოლიტიკაში ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ ის, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა 10 წლის წინ, სრულიად შესაძლებელია ახლა.

მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც მიუთითებდნენ ბევრ დაბროკოლებაზე, მაგრამ გამოჩნდა შესაძლებლობა, ერთგვარი “შესაძლებლობების ფანჯარა” გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, რაც მათ წარმატებით გამოიყენეს.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებსაც ახლა ვახორციელებთ. უნდა მოიქცეს საქართველო ისე, თითქოს უკვე წევრია. რასაც რეალურად ვაკეთებთ – იმავე სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით.

ამჟამად რა შეიძლება საქართველოსთვის გახდეს ზუსტად ასეთი “შესაძლებლობა”, რომლის გამოყენების შანსიც შეიძლება მოგვეცეს?

ერთადერთი ვარიანტია, თუ მოხდება გეოპოლიტიკური რევოლუცია ჩვენს რეგიონში, ან ეკონომიკური კოლაფსი. პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად, შიდა კრიზისი რუსეთში – პუტინი წავიდა, დემოკრატიული პროცესები დაიწყო, შეიცვალა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ან რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა უნდა გამწვავდეს – აი, ასეთ ვითარებაში შეიძლება გაჩნდეს ჰიპოთეტური შესაძლებლობა. ყველაფერი, საბოლოო ჯამში,  მაინც დაკავშირებულია რუსეთთან.

ცნობილია, რომ არავის სურს დასავლეთში საქართველოს ან უკრაინის გამო რუსეთთან დაპირისპირება. ეს უცვლელი რჩება. აქედან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში.

აუცილებელია მაპის მიღება? არსებობს მაპის გარეშე გაწევრიანების გზები? თუ წევრი ქვეყნების პარლამენტები და ლიდერები ადასტურებენ მზადყოფნას და აღნიშნავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება რჩება, რომელიც აფერხებს შემდგომ ნაბიჯებს?

თუ ჩვენ გადავხედავთ სხვა ქვეყნების ნატოში გაწევრიანების ისტორიას, ასეთი ფაქტი რეალურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე რთულია იმაზე მსჯელობა, რამდენად დაუშვებენ საქართველოსათვის გამონაკლისს. სავარაუდოა, იმისათვის, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვან, უნდა იყოს განსაკუთრებული სიტუაცია. როგორც უკვე აღვნიშნე, ან გეოპოლიტიკური ვითარება უნდა შეიცვალოს მკვეთრად, ან გამოჩნდნენ ახალი დასავლელი შორსმჭვრეტი ლიდერები, რომლებიც როგორც ჭადრაკში, რამდენიმე სვლით ადრე გათვლიან თავიანთ ქმედებებს. ან გამოჩდნენ ისეთები, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული გეოპოლიტიკური ამბიციები, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

ამბობთ, რომ ნატო “ღია კარის” პოლიტიკას ინარჩუნებს, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების შესახებ  პროგნოზირება, როგორც ჩანს, ისევ რთულია

ძალიან რთულია. თუ შევხედავთ მონტენეგროს მაგალითს, მას გაწევრიანებისათვის მხარდაჭერა ჰქონდა როგორც ევროპის ქვეყნებისაგან, ასევე აშშ-სგან. საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ევროპაში არ არის კონსენსუსი და აშშ-ც არ იყო ბოლომდე დარწმუნები. თუ აშშ-მა მოინდომა… მაგალითად, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მოინდომა, მაგრამ ჩვენ დავუშვით შეცდომა და მაშინ ჩავთვალეთ, რომ თუ ამერიკა მხარს გვიჭერდა, დანარჩენები ავტომატურად მიჰყვებოდნენ, მაგრამ ბუქარესტის სამიტზე ეს ასე არ მოხდა.

დღეს თავად აშშ-ის ადმინსიტრაციაშიც არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები ნატოსთან დაკავშირებით…

დიახ, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დღეს სწორედ არის ტრანსატლანტიკურ სივრცეებში გაჩენილი გაუგებრობები, რომლებიც წარმოიშვა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. ახლა არის გაურკვევლობის პერიოდი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით და ასეთ ვითარებაში საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული რომ მოხდეს – წარმოუდგენელია.

რაც შეეხება მოწოდებებს რუსეთის მისამართით – მოჰყვება თუ არა ამას საპასუხო განცხადება და რამდენად მნიშვნელოვნად აღიქვამს ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას რუსეთის მთავრობა?

ცალკე პასუხი შეიძლება არ გაეცეს, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება ისეთივე მკვახე განცხადებები, როგორსაც აკეთებს ხოლმე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – დაადანაშაულებს საქართველოსა და ნატოს რეგიონში უსაფრთხოების შესუსტებაში, რომ ეს დესტაბილიზაციას იწვევს სამხრეთ კავკასიაში. დაახლოებით ის, რაც მოგვისმენია აქამდე. ნატოსთვის ამ ეტაპზე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. განსაკუთრებულ განცხადებებს არ მგონია, რომ უნდა ველოდოთ. მათ ასამბლეამდე გამოუგზავნეს საქართველოს მთავრობას მესიჯები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქმედებებით, ეს არის სწორედ ის დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებითაც აგრძნობინებენ საქართველოს, რომ ისინი არ ცვლიან თავიანთ პოზიციებს, ისევე როგორც საქართველო ინარჩუნებს თავის პოზიციას ნატოსთან და  ევროკავშირთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი