საზოგადოება

რა მოხდება, თუ უნგრეთი EU-ში უკრაინის საკითხს დაბლოკავს

1 დეკემბერი, 2023 • 6723
რა მოხდება, თუ უნგრეთი EU-ში უკრაინის საკითხს დაბლოკავს

დაბლოკავს თუ არა უნგრეთი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას? — ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, მომდევნო 2 კვირა ინტრიგად დარჩება.

უნგრეთის გადაწყვეტილებას გავლენა ექნება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც.  ევროკავშირში საქართველოს მთავრობის უახლოესი მოკავშირე, შესაძლოა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარ წინაღობად იქცეს.

რა ხდება?

14-15 დეკემბერს  ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27  ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.

22 ნოემბერს გამოცემა POLITICO-მ გაავრცელა ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის მიწერილი წერილი, სადაც უნგრეთის პრემიერი იმუქრება, რომ დაბლოკავს ევროკავშირის დახმარებას უკრაინისთვის, ასევე,  ქვეყნის მომავალ გაწევრიანებას, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან, გადახედონ კიევის მხარდაჭერის მთლიან სტრატეგიას.

ამავე წერილში უნგრეთის ლიდერი ამბობს, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება უკრაინის დაფინანსებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე ან რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე მანამ, სანამ ეს „სტრატეგიული დისკუსია“  შედგება, როდესაც დეკემბრის შუა რიცხვებში ბრიუსელში ლიდერები შეიკრიბებიან.

აღნიშნული წერილის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 27 ნოემბერს,  ბუდაპეშტში შარლ მიშელი ჩავიდა და ვიქტორ ორბანს შეხვდა.  მიშელის თქმით, ბუდაპეშტს ევროპული საბჭოს სამიტამდე მოსამზადებელი კონსულტაციებისთვის ეწვია და დასძინა, რომ ევროკავშირის მთავარი ძალა სწორედ ერთობაა, რომლის შენარჩუნებაც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თავად ორბანმა კი მიშელთან შეხვედრას „სასარგებლო“ უწოდა.

თუმცა, შარლ მიშელთან გამართული კონსულტაციების მიუხედავად, ვიქტორ ორბანის პოზიცია არ შეცვლილა. პირველ დეკემბერს ორბანმა უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსთან კვლავ  გაიმეორა, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთის ინტერესებს არ შეესაბამება და დღის წესრიგში არ უნდა იდგეს.

უნგრეთის რადიოსთან ინტერვიუში ორბანი ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების წინადადება არ იყო მომზადებული. მისი თქმით, საჭიროა ყველასთან კონსულტაციის გამართვა, ინტერესების დაახლოება და მხოლოდ ამის შემდეგ წინადადების განხილვა. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები ჯერ არც კი უნდა დაიწყოს.

„თუ დავთანხმდებით, ევროკავშირის პოზიციაც არის, თუ არა – არა. არ უნდა მივცეთ ნება,  სინდისის ქენჯნა დაგვაძალონ იმის გამო, რომ რაღაცას არ ვეთანხმებით“, –  განაცხადა ორბანმა.

რას ითხოვს უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ

უკრაინის საკითხის დაბლოკვის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად  უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებები სახელდება. კერძოდ, ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ იქ მცხოვრები 150 000 უნგრელის უფლებებს არღვევს, განსაკუთრებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ, და არ შეცვლის პოზიციას, სანამ უკრაინა ამ კანონს არ შეცვლის. კანონის თანახმად, ბავშვებმა სკოლებში განათლების 70% მაინც უკრაინულად უნდა მიიღონ.

როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, უნგრეთი უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე მხარს არ დაუჭერს, ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკური უნგრელების უფლებებს არ აღადგენს.

ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონმდებლობის რეფორმა ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის მიცემულ რეკომენდაციებს შორისაცაა. უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრის, ოლჰა სტეფანიშინას თქმით, უმცირესობათა უფლებები უკრაინაში ადეკვატურადაა დაცული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი უნგრეთის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა,  გასულ წელს ევროკომისიამ უნგრეთს 13.3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გაუყინა ქვეყანაში არსებული კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. თუმცა ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკით და ბრიუსელის მიერ უნგრეთისთვის თანხების არგამოყოფით არაა განპირობებული. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარებაც ვერ იქონიებს გავლენას უკრაინის მიმართ პოზიციაზე.

თუმცა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის დახმარების საკითხში ბუდაპეშტის ვეტო დაძლიოს,  გასულ კვირას, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

შეძლებენ თუ არა უნგრეთი და ევროკავშირი შეთანხმებას

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟან მონეს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ევროკავშირი უნგრეთის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაგრამ რაღაც კომპრომისზე წავა, თუმცა, არა ფუნდამენტური საკითხების ხარჯზე.

როგორც კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან ამბობს, ამ შემთხვევაში შუალედური ვარაინტი შეიძლება იყოს ევროკავშირისგან უნგრეთისთვის  თანხის მიცემა.

„რაც შეეხება უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებს, აქ ცოტა რთულად არის საქმე, რადგან უნგრეთი ცალმხრივად ითხოვს დათმობებს უნგრულ უმცირესობასთან დაკავშირებით, რისი რეალური შესრულებაც ომის პირობებში წარმოუდგენელია და ფორმულად შეიძლება, უკრაინა რაღაცას დათანხმდეს, თუმცა ომის პირობებში ამის ფუფუნება არ აქვს უკრაინას, რომ ეს მოთხოვნები შეასრულოს.

უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესისთვის“ ერთ-ერთი საარჩევნო საკითხი იყო ეს [უნგრული უმცირესობა], ეს არის მისი იდენტობის ნაწილი და აქედან გამომდინარე ორბანი ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ შიდაპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარეა ეს საკითხი მნიშვნელოვანია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ამასთან, კორნელი კაკაჩიას თქმით, ის, რომ ამ ყველაფერს უნგრეთ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტი ახლავს, ორბანის გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.

„ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორბანი კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან და ცდილობს, რომ გარკვეულ საკითხებზე მას კოჭი გაუგოროს. რუსეთი ტროას ცხენივით იყენებს უნგრეთს ამ შემთხვევაში“, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია. მისი თქმით,  არავინ იცის, შემდეგში როგორი განწყობები იქნება ევროკავშირში, ამიტომ ყველა ცდილობს უკრაინის საკითხი ახლა დაძრას და გარკვეული საფუძველი მოამზადოს.

„ახლავე თუ არ ჩაეყარა ამას საფუძველი და ახლავე თუ დაიბლოკა, მერე შეიძლება კიდევ უფრო გადაიწიოს ამ ყველაფერმა. ამიტომაც ყველანაირად ცდილობს ბრიუსელი, რომ ეს შემჭიდროებულ დროში მოხდეს. სავარაუდოდ, ისინი მაინც შეძლებენ ამ [უნგრეთის] წინააღმდეგობის დაძლევას, როგორც, მაგალითად, ეს მოახერხეს ნატოში. იქაც არ იყო მარტივი შვედეთის მიღება, მაგრამ ნატოს წევრი სახელმწიფოები ბოლოსკენ გადიან მიუხედავად თურქეთის წინააღმდეგობრივი ნარატივისა“, — ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია ხაზს უსვამს მიმდინარე წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობასაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება გადაიდება, ეს, პირველ რიგში, ძალიან ცუდი გზავნილი იქნება ომში მყოფი უკრაინისთვის.

როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, ახლა უკრაინელებს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.

„ამიტომ მათთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება და არაფრით არ შეიძლება ამ პროცესის დაბლოკვა, განსაკუთრებით, უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც.

ამან შეიძლება წაახალისოს რუსული დიპლომატიაც, რომ სხვა სახელმწიფოებთან კიდევ უფრო მეტი იმუშაონ, რათა დაბლოკონ და ჩიხში მოაქციონ გაფართოების პროცესი“, — ამბობს კორნელი კაკაჩია.

რა გავლენას იქონიებს უკრაინის დაბლოკვა საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის გადაწყვეტილება გავლენას საქართველოზეც მოახდენს. როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, საქართველო უნგრეთს ვერ უკარნახებს, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

„ერთ პაკეტში განხილვა იმისი, რომ თუ იმათ [უკრაინას] არ მიეცემათ, მაშინ ვიღაც გაბრაზდება და არც ჩვენ არ მოგვცემს, ეს უკვე ძალიან მახინჯი ფორმა იქნება გადაწყვეტილების. ჩვენ უნგრეთს ვერ ვუკარნახებთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ალბათ, იმათაც თავის არგუმენტები აქვთ, მაგრამ არის ბევრი წინააღმდეგობა ევროკავშირის შიგნით, მათ შორის, დაფინანსებაზე, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, თვითონ ომის თემაზეც, მაგრამ არაფერია გასაკვირი და ისეთი, რაც დემოკრატიას არ ახასიათებს. თავის პოზიცია აქვს უნგრეთს, მე არ მგონია, რომ ამან საქართველოს საკითხზე გავლენა იქონიოს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

კორნელი კაკაჩიას განცხადებით კი, თუ უკრაინა ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, კანდიდატის სტატუსს ვერც საქართველო მიიღებს, ასევე ვერ გადაწყდება მოლდოვის საკითხიც.

„წარმოუდგენელია, რომ გაფართოების პაკეტი [დაიშალოს], მით უმეტეს, უკრაინაში ომის კონტექსტის გათვალისწინებით. სწორედ უკრაინის მედგარმა წინააღმდეგობამ შექმნა ეს მომენტუმი და უკრაინის გარეშე, ბუნებრივია, ეს [გაფართოების პაკეტი] წინ ვერ წავა“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მისი აზრით, ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ ამ დაპირისპირებაში საქართველოც მოყვება.

„ჩვენ ვიცით უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელი დინამიკა. საქართველოს ხელისუფლება ისე პოზიციონირებს, რომ თითქოს უნგრეთი არის ჩვენი დამცველი და ასეთი მოსაზრებებიც იყო, რომ თუ  საქართველოს არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თავად იყენებს უნგრეთს, მაგრამ მე მგონია, რომ უნგრეთიც იყენებს საქართველოს შემთხვევას სავაჭროდ. დაახლოებით  „ხელი ხელს ბანს“ პრინციპია“, — აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი