კომენტარი

იმედისმომცემია, თუმცა …- კორნელი კაკაჩია შარლ მიშელის განცხადებაზე

29 აგვისტო, 2023 • 1562
იმედისმომცემია, თუმცა …- კორნელი კაკაჩია შარლ მიშელის განცხადებაზე

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟან მონეს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის ბოლო განცხადება იმედისმომცემია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ევროკავშირს მყარი პოზიცია ექნება  უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და რომ მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან ასევე ელის საქართველოს.

როგორც კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს არ დაუკარგოს შანსი და ევროპული პერსპექტივა.

„უკრაინისა და მოლდოვას ეს პერსპექტივა აშკარად აქვთ და ალბათ, წლის ბოლოს დაიწყება მათთან მოლაპარაკებები. საქართველოს შემთხვევაში ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, რამდენად შეძლებს ქვეყანა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან აიღო ევროკავშირთან მიმართებით. თუ  მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მერე უკვე შეგვიძლია გადაჭრით საუბარი იმაზე,  მოვხვდებით თუ არა აშკარა წევრობის პოტენციურ კანდიდატებში“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით,  ბევრი რამ დამოკიდებულია ევროკომისიის საბოლოო შეფასებასა და იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში ამ პერიოდში.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ძალიან რთულია იმის თქმა, მისცემენ თუ არა წლის ბოლოს სტატუსს ქვეყანას.

„დღეს შეიძლება ევროკავშირი მზად იყოს, რომ კანდიდატის სტატუსი მართლა მისცეს საქართველოს სხვადასხვა მოსაზრების გამო, მაგრამ ნებისმიერმა პოლიტიკურმა კრიზისმა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ან მედიის წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებამ, შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს ეს განწყობა. ამიტომ ცოტა სათუოა ასეთი პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები დაიწყეს, ისინი ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან, თუმცა ეს არ იქნება ისეთი ჩამორჩენა, რომლის დაძლევაც შეუძლებელი იქნება.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები საქართველოში და როგორ ჩაივლის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.

„თუ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ცვლილებები მოხდა და ქვეყანამ ისევ დაიბრუნა წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი, ყველაფერი შესაძლებელია, რადგან საქართველოს ამისთვის დრო აქვს. როგორ წარიმართება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ ქვეყანამ ისევ გააგრძელა ავტორიტარიზმისკენ სვლა და ერთპარტიული მმართველობა, ბუნებრივია, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაქსიმუმი, რასაც ასეთ სიტუაციაში შეიძლება მივაღწიოთ, ეს იქნება კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემენ წლის ბოლოს. დანარჩენი უფრო ნაკლებად მოსალოდნელი.

როგორი სიტუაცია იქნება არჩევნების შემდეგ, რა ტიპის ხელისუფლება გვეყოლება და რა კურსი გვექნება, ამაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ასე, რომ ჩამორჩენა არსებობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი ჩამორჩენა, რომლის დაძლევაც შეუძლებელია. ამის კარგი მაგალითია მოლდოვა, რომელიც ერთ-ერთი მაჩანჩალა იყო წლების განმავლობაში, უმძიმესი მემკვიდრეობა ჰქონდა, მაგრამ მოვიდა ახალი ხელისუფლება და აბსოლუტურად შეიცვალა იმიჯი და უკრაინასთან ერთადაა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატი შეინარჩუნოს. მისი თქმით,  ესეც იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველოს ევროპეიზაცია შეუქცევადია.

რაც შეეხება შარლ მიშელის მიერ კონკრეტული თარიღის დასახელებას, რომ ევროკავშირია 2030 წლისთვის გაფართოების უკვე მზად უნდა იყოს, კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი ვადის დათქმა „ძალიან უმადური საქმეა“.

კორნელი კაკაჩია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება და ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორი განწყობები იქნება თავად ევროკავშირის სახელმწიფოებშიც.

„ჩვენ ბოლო წლებში გვახსოვს მაგალითები, როცა ევროკავშირმა გააკეთა ასეთი განცხადებები, ზოგჯერ  კონიუნქტურული პოლიტიკური მიზნების გამო და შემდეგ ეს არ შესრულებულა. ბევრი რამ დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი განწყობები როგორი იქნება, მაგრამ მთლიანობაში მისასალმებელია, რომ დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირი მზად არის[გაფართოებისთვის]. თუმცა რა იქნება 1 წლის შემდეგ, როცა თვითონ შარლ მიშელიც აღარ იქნება თანამდებობაზე, ევროპარლამენტში ახალი არჩევნები იქნება, ახალი ხალხი მოვა და რა განწყობები იქნება, ასევე როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში… ბევრი სხვა ფაქტორია, რომელიც ამას წყვეტს“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია. 

ამასთან, კორნელი კაკაჩიას თქმით, მიუხედავად  იმისა, რომ უკრაინის ომმა ევროკავშირი აიძულა უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური აქტორი გახდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიგნით კიდევ არიან სხვა ძალებიც, რომლებიც გაფართოებას არ ემხრობიან. 

„ისინი ჯერჯერობით ცოტა ჩრდილში დგანან, მაგრამ თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. ეს არ არის ცალსახა პოზიცია, რომ ეს აუცილებლად ასე  მოხდება, მაგრამ თუნდაც ის, რომ დღეს ასეთი განცხადებები კეთდება, ეს იმედისმომცემია. ეს აძლევს შანსს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამას გამოიყენებენ, როგორც თავის დროზე ბალტიის ქვეყნებმა გამოიყენეს შესაძლებლობის ფანჯარა. ის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად მოიაზრება, უკვე ძალიან დამაიმედებელია და თვითონ ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული თუ სადამდე უნდათ მათ ევროპული პერსპექტივის მიღწევა. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არიან ეს ქვეყნები და მათი საზოგადოებები მზად შემდგომი ტრანსფორმაციისთვის“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს. შარლ მიშელი დღეს, 28 აგვისტოს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

„ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი