აქცია თბილისში ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ თემის მხარდასაჭერად. 18.04.17 © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

HRW: ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლგბტ პირების დევნას მფარველობდა

საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმენ რაიტს უოტჩი” (Human Rights Watch – HRW) აცხადებს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების წამებაში მონაწილეობას რესპუბლიკის მაღალჩინოსნები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი იღებდა. როგორც ორგანიზაცია მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, დაუდოვი მფარველობდა “წმენდას”. ორგანიზაციამ ანგარიში იმ ადამიანების მონაყოლის საფუძველზე მოამზადა, რომლებიც ამბობენ, რომ თავად არიან დევნის მსხვერპლი.

“როგორც ჩანს, დაუდოვი წამყვან როლს თამაშობდა დევნის წამოწყებასა და დაფარვაში. ის გასცემდა ნებართვას რესპუბლიკის მაღალჩინოსნების სახელით.”

იმ დაკავებული ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც HRW-მ გამოკითხა, დაუდოვის სახელი გაიგო პოლიციელებისგან, რომლებიც მათ აკავებდნენ და აწამებდნენ. ასევე სამმა მათგანმა დაუდოვი თავად ნახა არგუნსა და გროზნოში მოწყობილ ბანაკებში, სადაც გეებს აპატიმრებდნენ. ზოგიერთი ამბობს, რომ დაუდოვი უყურებდა, როგორ სცემდენენ მათ და თავადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაკავებულებს. ორი ყოფილი დაკავებული ორგანიზაციასთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ მაგომედ დაუდოვი “თავმჯდომარეობდა დამამცირებელ ცერემონიებს”.

პარლამენტის თავმჯდომარე HRW-ის მიერ გახმიანებულ ბრალდებებს ინსტაგრამში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზადაა, მის წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება. ის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.

“მე მინდა ამ “სიმართლის მაძიებლებმა” იცოდნენ, რომ მე არასოდეს ავწევს ხელს დაუცველ ადამიანებზე, თუნდაც მე ისინი მეზიზღებოდეს,” – დაუდოვი ამბობს, რომ ცნობილია მისი განწყობები ლიბერალური ღირებულებების მიმართ და სწორედ ამიტომ გახდა ის ცილისწამების სამიზნე.

თებერვალში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაწყებული რეპრესიები გეი ადამიანების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 3 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლი უფრო დიდია, მაგრამ ფაქტების დადასტურება არ ხდება. დევნის შესახებ ინფორმაცია მარტში რუსულმა ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. მათივე მონაცემებით, აპრილში 75 ადამიანი დაუკავშირდათ, მათგან 52 ამბობდა, რომ ჩეჩნეთში პოლიციამ დააკავა ორიენტაციის გამო. ისინი გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დამამცირებელ გარემოში ამყოფებდნენ, უსწორდებოდნენ ფიზიკურად.

გარდა ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებისა, ჩეჩნეთში გეებს საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდანაც ემუქრებათ. როგორც “გარდიანი” წერს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროება, ზოგ შემთხვევაში მკვლელობა, მათი ნათესავებისთვის ღირსების საკითხად ითვლება და ასეთ შემთხვევებზე როგორც ადგილობრივი მმართველობა, ისე რუსული უწყებები თვალს ხუჭავენ.

HRW-ის განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას სულ მცირე ოთხი ლგბტ პირის შესახებ, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს მათივე უსაფთხოების გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი