ახალი ამბები

თბილისში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღისთვის მიძღვნილი პლაკატი დაწვეს

25 ნოემბერი, 2020 • 1797
თბილისში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღისთვის მიძღვნილი პლაკატი დაწვეს

თბილისში, გმირთა მოედანის მიწისქვეშა გადასასვლელში, უცნობ პირთა ჯგუფმა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისთვის მიძღვნილი პლაკატი ჩამოხიეს და დაწვეს. შემთხვევა 20 ნოემბერს მოხდა.

ვიდეოში, რომელიც ამ ქმედებას ასახავს, ჩანს, რომ პლაკატის დაწვის შემდეგ, ჯგუფის წევრები ე.წ. ნაცისტურ მისალმებას ასრულებენ.

„20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გავაკარით პოსტერი, წარწერით – “ჩვენ გვახსოვს”. აღნიშნული ჟესტით გვინდოდა, საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიგვეგო პატივი.

დღეს დილით “თბილისი პრაიდის” გვერდზე გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი“, – წერს ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“.

ამავე განცხადებაში „პრაიდი“ ამბობს, რომ ვიდეოს შინაარსი მათთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია.

„ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია.

ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების – ფაშიზმისა და ნაციზმის – ელემენტების ათვისებაა,“.

მომხდართან დაკავშირებით, ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი