Screen Shot 2017-05-19 at 5.14.49 PM

ზალბერი: ევროკავშირის პოზიცია ურყევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში

“ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირი არ ცნობს. ამასთან, ჩვენ მომხრენი ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელების”, – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა მედიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეთან ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ.

ზალბერს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ცხინვალში გააკეთა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი დღეს, 19 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რამაც ქართული მხარის შეშფოთება გამოიწვია. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე არჩევნების პროცესებამდე და მის შემდეგაც ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი