ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დავით დონდუა იმედოვნებს, რომ ზალბერის განცხადებებს ბრიუსელიდან რეაქცია მოჰყვება

17 მაისი, 2017 • 2997
დავით დონდუა იმედოვნებს, რომ ზალბერის განცხადებებს ბრიუსელიდან რეაქცია მოჰყვება

“ჩვენ კავშირში ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელიდან”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ.

“ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა. როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით კონფლიქტის მოგვარებას. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის მხრიდან, რბლად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის”, – განაცხადა დონდუამ.

მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა ასევე იანოშ ჰერმანმა:

“ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას და მხარდაჭერას. რაც შეეხება ჰერბერტ ზალბერის განცხადებას და მის ვიზიტს ოკუპირებულ ცხინვალში, მიჭირს მის ნაცვლად კომენტარის გაკეთება”.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგაოდება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი