ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადებების გამო იანოშ ჰერმანი საგარეოში დაიბარეს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

“პირველ რიგში, მინდა არჩევნების შედეგები მოგილოცოთ, რომელიც აქ ჩატარდა. მინდა მოგილოცოთ მუშაობის დაწყება იმ თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ”.

ეს განცხადება ქართული მხარის მიერ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. შესაბამისად, დღესვე ახსნა-განმრტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი დაიბარეს. ოფიციალური განცახდებები ამ საკითხის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგაოდება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე არჩევნების პროცესებამდე და მის შემდეგაც ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

გარდა ამისა, ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გუშინდელი ვიზიტის დროს, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდამდე მოსამზადებელ სამუშაოს ითვალისწინებდა, იგი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხსაც შეეხო. აღნიშნული შეთანხმების მიღებას წლებია ითხოვს რუსული მზარე [ასევე, ოსური და აფხაზური]. მსგავსი დოკუმენტის მიღება მიუღებელია ქართული მხარისთვის.

“იმედი გაქვს, რომ მალე მივიღებთ მოკლე ტექსტს, ჩვენ ამაზე თქვენს თანამშრომლებთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ და თუკი ეს გამოვა, ეს ალბათ მისცემს იმპულსს სამომავლო საქმიანობას. ეს საკითხი ძალის არგამოუყენებლობის შესახებ თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა”, – განაცხდა ზალბერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ზალბერს არაერთხელ უსაუბრია. მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში ზალბერი აცხდებდა, რომ მოლაპარაკებათა მხარეებისთვის ძალის გამოუყენებლობის საკითხზე განცხადებისთვის გარკვეული შეთავაზებები იქნება.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ჰერბერტ ზალბერი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ჰერბერტ ზალბერი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი